ვმუშაობდი ბეტონის ერთ-ერთ საწარმოში. უფროსი მავალებდა განსაზღვრული სამუშაო დროის შემდეგ დარჩენას და დამატებითი სამუშაოს შესრულებას. ხელფასს არ მიმატებდა. რომ მოვითხოვე ხელფასის გაზრდა, სამსახურიდან გამომიშვა და იმ თვის ნამუშევარი ხელფასიც არ გადამიხადა. პასუხი კი ის იყო, ხელშეკრულება არ გაქვს და ვერაფერს დამიმტკიცებო. რა შემიძლია გავაკეთო?“

„ერთ-ერთ სუპერმარკეტში ვმუშაობ, 2 წელზე მეტია. როგორც მოლარე ოპერატორმა, ისე დავიწყე მუშაობა, თუმცა ძალიან მალე მაღაზიის მენეჯერმა თაროებზე პროდუქციის დალაგება დამავალა, საღამოს საათებში კი, როცა თანამშრომლების რაოდენობა მცირდება, მიწევს ნახევარფაბრიკატების აწონვა და თან სალაროსთან ყოფნა. როდესაც ჩემი უკმაყოფილება გამოვთქვი, მაღაზიის მენეჯერმა ხელშეკრულებაზე მიმითითა და მითხრა, რომ შრომით ხელშეკრულებაში ჩემს ერთ-ერთ ვალდებულებად წერია „მენეჯერის მიერ სხვა ნებისმიერი დავალების შესრულება“. რამდენად სწორია ასეთი ჩანაწერი?“

„ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე. 3 წლის განმავლობაში, შრომით ხელშეკრულებას ყოველთვე მიფორმებდნენ, 1 თვის ვადით. ჰქონდათ ამის უფლება?“

ეს რეალური მაგალითებია იმისა, როგორ ირღვევა შრომითი უფლებები საქართველოში. და ასეთი ძალიან ბევრია. ასეთი შემთხვევები ადასტურებს ორ მთავარ პრობლემას: 

  • მოქალაქეებმა არ იციან საკუთარი შრომითი უფლებები
  • დამსაქმებელს აქვს უპირატესი მდგომარეობა, რადგან ქვეყანაში სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, დამსაქმებელი „შრომის კოდექსს“ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ირგებს. 

ჩემი ბლოგის მიზანია, მარტივად ავხსნა, რა სამართლებრივ გზას გადის სამუშაოს მაძიებელი CV-ის გაგზავნის მომენტიდან - გასაუბრების, ხელშეკრულების დადების, დამატებითი სამუშაოს შესრულების და ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე. 

რას ნიშნავს შრომის თავისუფლება?

ყველას აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, სამართლიანი და ხელსაყრელი სამუშაო პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანს აქვს შრომის უფლება და ხელის შეშლა დაუშვებელია. ეს უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული. გარდა ამისა, მოქმედებს „შრომის კოდექსი. მოქალაქის ამ უფლებას იცავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, როგორც ადამიანის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების შესაძლებლობის უფლება.

რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ გასაუბრებაზე დაგვიბარეს? (ამას იურისტები „წინასახელშეკრულებო ურთიერთობას“ ვეძახით)

აუცილებელია, პოტენციურ დამსაქმებელს თქვენ შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ. დამსაქმებელს აქვს უფლება, შეამოწმოს თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ ვალდებულება, გააჟღეროთ ყველა ის ინფორმაცია, რამაც, შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ დაკისრებული სამუშაოს შესრულებაში, ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებელის, ან მესამე პირის ინტერესებს. ამ ყველაფრის საპირწონედ, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის განადგურება, ან უკან გამოთხოვა, თუ სამსახურში არ აგიყვანეს.

სამსახურში ამიყვანეს... ( შრომითი ურთიერთობა და შრომის პირობები)

გილოცავთ, თქვენ მოგენიჭათ დასაქმებულის სტატუსი. სამსახურში გამოცხადების პირველივე დღიდან თქვენსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობა იწყება. შრომითი ურთიერთობა იურიდიული ტერმინია, რომელიც, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულებას ნიშნავს. 

გაეცანით კომპანიის შინაგანაწესს - წერილობით დოკუმენტს, რომელშიც განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობის პირობები/წესები. 

დამსაქმებელი ვალდებულია, შეგიქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო, დაიცვას მთელი რიგი სტანდარტები, რასაც კანონი ავალდებულებს. თუ თვლით რომ სამუშაო სივრცე საშიშია თქვენი სიცოცხლისთვის, ან/ და ჯანმრთელობისთვის, აუცილებლად მიმართეთ შრომის ინსპექციას. ზარი კონფიდენციალურია და ამის შესახებ დამსაქმებელი ვერ შეიტყობს.

შრომითი ხელშეკრულება შეიძლება იყოს ზეპირიც და წერილობითიც, მაგრამ თუ სამუშაოს მოცულობა აღემატება 3 თვეს, მოითხოვეთ გაგიფორმონ წერილობითი ხელშეკრულება. დამსაქმებელი ვალდებულია, გაგიფორმოთ შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით, თუ შრომითი ურთიერთობის ვადა აღემატება 1 წელს

ვადიანი ხელშეკრულების შემოთავაზება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი, თუ: 

- შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;

- შესასრულებელია სეზონური სამუშაო;

- სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;

- ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით;

- სამუშაოზე დროებით არმყოფ დასაქმებულს ანაცვლებთ;

- არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

სამწუხაროდ, გვაქვს უამრავი პრაქტიკული შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელი იყენებს „უპირატესობას“ და დასაქმებულთან ხელშეკრულებას თვეში ერთხელ დებს. თან, ეს გრძელდება მუდმივად. 

თუ თქვენი სამსახური არ ითვალისწინებს გამონაკლისებს, ან საქმე არ გვაქვს კანონით განსაზღვრულ გამონაკლისებთან, გაქვთ უფლება, მოითხოვოთ წერილობითი ხელშეკრულების დადება, 1 წელზე მეტი ვადით. პრაქტიკაში მქონია შემთხვევები, როდესაც დასაქმებული მუშაობდა ხელშეკრულების გარეშე და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, დამსაქმებელმა ნიშნისმოგებით მიუთითა: ვერაფერს იზამ, რადგან არ გაქვს მტკიცებულება, რომ მუშაობდიო. თუ მსგავს სიტუაციაში ხართ, თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყოველთვიური ხელფასი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. თუ თვლით, რომ თქვენი შრომის უფლებები დაირღვა და სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაგათავისუფლეს, აუცილებლად მიმართეთ სასამართლოს. უფრო მეტიც, ძალიან ბევრ მოქალაქეს, ბანკებთან არასასურველი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაყადაღებული აქვთ საბანკო ანგარიშები და ხელფასს ხელზე იღებენ. ასეთ შემთხვევაში, გააფორმეთ ხელფასის მიღების აქტი და სთხოვეთ დამსაქმებელს, მოგიწეროთ ხელი. შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტიც დაგეხმარებათ სასამართლოში, რადგან იქნება უტყუარი მტკიცებულება, რომ კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობდით. 

რა არის ზეგანაკვეთური სამუშაო და მაქვს თუ არა უფლება უარი ვთქვა ზეგანაკვეთური სამსახურის შესრულებაზე? რა უნდა ვქნათ თუ დამსაქმებელი მავალდებულებს დამატებით მუშაობას?

შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი დროით სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა. კერძოდ, თუ თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო აღემატება კვირაში 40 საათს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის საჭიროა მხარეთა შეთანხმება. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება ნებაყოფლობითია და თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ მის შესრულებაზე. თუ თქვენი უშუალო უფროსი გაიძულებთ, რომ შეასრულოთ ზეგანაკვეთური სამუშაო ან/და ისეთი სამუშაო, რომელიც თქვენს კომპტენეციაში არ შედის, ამ შემთხვევაშიც თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ შრომის ინსპექციას. 

ბევრისგან გსმენიათ ალბათ, რომ უქმე დღეებშიც უწევთ მუშაობა. იცოდით რომ უქმე დღეებში მუშაობა ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და რადგან ზეგანაკვეთური სამსახური არის ანაზღაურებადი, დამსაქმებელი ვალდებულია დამატებით აგინაზღაუროთ საათობრივად ნამუშევარი დრო. კანონი ადგენს ერთადერთ გამონაკლისს როდესაც არ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამსახური, თუ საქმე ეხება სტიქიურ უბედურების თავიდან აცილებას ან შედეგების ლიკვიდაციას.

სამსახურიდან გამათავისუფლეს ისე, რომ არ ამიხსნეს მიზეზი... (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა)

შრომითი ურთიერთობა შეიძლება შეწყვიტოს როგორც დასაქმებულმა, ისე - დამსაქმებელმა. ეს ყველაფერი შრომით კოდექსში დეტალურადაა გაწერილი. ყველაზე მარტივი შემთხვევებია მხარეთა შეთანხმება და დასაქმებულის მიერ სამსახურის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა. 

კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელს აქვს უფლება, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს თანამშრომლის კვალიფიკაციის დონის შეუსაბამობა, კომპანიის მიერ ორგანიზაციის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება, დასაქმებულის გარდაცვალება, ან დასაქმებულის მიერ სამსახურის შინაგანაწესის უხეში დარღვევა. 

საქართველოში, ყველაზე ხშირად, დამსაქმებლები შრომით ხელშეკრულებებს რეორგანიზაციის პირობით წყვეტენ. ასეთ დროს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ამას აკეთებს ეკონომიკური გარემოებების/ტექნოლოგიური, ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო და სამუშაო ძალის შემცირება აუცილებელია. 

მანკიერი პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ დამსაქმებელი რეორგანიზაციის მიზეზს მხოლოდ კონკრეტული დასაქმებულების გასათავისუფლებად იყენებს, შემდეგ კი ისევ ქმნის იგივე სამუშაო ადგილებს სხვა დასახელებით, და ასაქმებს სხვა ადამიანებს. 

უზენაესი სასამართლო ამბობს, რომ რეორგანიზაციას არ უნდა ჰქონდეს მიზანმიმართული ხასიათი და საჭიროა დამსაქმებლის მიერ იმის დამტკიცება, რომ რეალურად საჭირო იყო სამუშაო ადგილების შემცირება. დასაქმებულთა უფლებები ყველაზე ხშირად სწორედ ამ მიზეზით ირღვევა. 

გამათავისუფლეს და ხელფასიც არ გადამიხადეს....

თუ დამსაქმებელი შრომით ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტს, ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს კომპენსაცია. ასევე, ვალდებულია, დასაქმებულს ერთი თვით ადრე შეატყობინოს, რომ წყვეტს ხელშეკრულებას და გადაიხადოს 1 თვის კომპენსაცია, ხელფასის ოდენობით. დასაქმებულს უფლება აქვს, მოითხოვოს შვებულების ანაზღაურება, რაც ასევე 1 თვის ხელფასის ოდენობაა. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ერთ თვეზე ნაკლები ვადით ადრე გაფრთხილებთ, ვალდებულია, 2 თვის კომპენსაცია გადაგიხადოთ. 

ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტიდან 7 დღის ვადაში, აუცილებლად მიმართეთ დამსაქმებელს და მოითხოვეთ განმარტება. ამის შემდეგ, თქვენ, როგორც დასაქმებულს, 30 დღე გაქვთ იმისთვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სასამართლოში გაასაჩივროთ.

დაიმახსოვრეთ: ორსულობის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევაში დაუშვებელია სამსახურიდან გათავისუფლება.

დაუშვებელია, დასაქმებულის გათავისუფლება სამხედრო სავალდებულო, ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის გამო, ან სამსახურის გავლის პერიოდში.