გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადამტანი გამანადგურებლების შესყიდვას გეგმავს.

Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სტარმერის მთავრობა Lockheed Martin-ის F-35A Lightning ტიპის გამანადგურებლების შეძენას განიხილავს. ამ ტიპის საჰაერო ხომალდების ფრენის რადიუსი 1 400 კილომეტრია და მათ B61 ტიპის თერმობირთვული ბომბის გადატანა შეუძლიათ.

გამოცემა წერს, რომ თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი და გაერთიანებული სამხედრო ძალების მეთაური ადმირალი სერ ტონი რადაკინი ამერიკული წარმოების გამანადგურებლების შეძენას ცდილობენ.

ჟურნალ The Sunday Times-თან ინტერვიუში ჯონ ჰილმა მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ახალ საფრთხეებთან ადაპტირება უნდა შეძლოს.

"მსოფლიო აშკარად უფრო სახიფათო ხდება. ბირთვული რისკები იზრდება. ცივი ომის შემდეგ პირველად სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის სერიოზულ ზრდას ვაწყდებით". - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

2 ივნისს პრემიერმინისტრი სტარმერი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დაწყებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც გაერთიანებული სამეფო NATO-ს ბირთვული შეკავების არქიტექტურაში საკუთარი როლის გაფართოებაა გათვალისწინებული.

მიმოხილვა ხელახალი შეიარაღებისა და თავდაცვის ინდუსტრიის აღდგენისთვის მასშტაბურ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

ჯონ ჰეილის თქმით, უკრაინიდან მიღებული გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები იმდენად ძლიერია, რამდენადაც მის უკან მდგომი ინდუსტრია.

გამოცემა წერს, რომ ახალი მიმოხილვის ფარგლებში საუბარია საბრძოლო მარაგების შესავსებად 6 მილიარდი ფუნტის გამოყოფაზე, საიდანაც 1.5 მილიარდი ფუნტი ექვსი ახალი ქარხნის ასაშენებლად დაიხარჯება.

რეკომენდაციები ასევე ე.წ. "საშინაო გვარდიის" აღდგენას, სამეფო საზღვაო ფლოტის  გამანადგურებლებისა და ფრეგატების რაოდენობის 14-იდან 25-მდე გაზრდასა და ახალი წყალქვეშა სადაზვერვო პროგრამის "ატლანტიკური ბასტიონის" განხორციელებას ეხება, რომელიც ელექტროკაბელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

წყარო: tabula.ge