ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს ეხმაურება.
„პეკინის უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადების თანახმად, ჩინელმა მკვლევარებმა ახალი კომპიუტერული "ჩიპი" შექმნეს, რომელიც სილიკონის ნაცვლად ბისმუტის ტრანზისტორებს იყენებს და რომელთა სისწრაფე ამერიკულს 40%-ით აღემატება, მაშინ როდესაც 10%-ით ნაკლებ ენერგიას იყენებს. თუ ეს აღმოჩენა ოფიციალურად დადასტურდა, მაშინ ჩინელებმა სერიოზული ლიდერობა მოიპოვეს ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური კომპიუტერების განვითარების მარათონში.
ერთია მხოლოდ, ჩინეთი, ისევე როგორც რუსეთი, ასეთ მიღწევებს საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ კი არ იყენებს, არამედ მსოფლიო დომინაციისათვის და ადამიანთა გამოსათაყვანებელ-დასამონებლად. რამდენად უსაფრთხოა მაოისტური კომუნიზმის აჩრდილი, ამის გათვლა ლენინ-სტალინური კომუნიზმის ნარჩენებზე დაკვირვებით შეიძლება. თანაც, რუსეთი უმნიშვნელო ჯუჯაა ჩინეთთან შედარებით აბსოლუტურად ყველა ასპექტში.
ტარიფები სულ რამდენიმე დღეა რაც ძალაში შევიდა და ინტერნეტი უკვე წალეკა ჩინური ხელოვნური (და ბუნებრივი) ინტელექტის მიერ შექმნილმა ანტი-ამერიკულმა პროპაგანდისტულმა კამპანიამ. პრიმიტიული იუმორით გაჯერებული ვიდეო-კლიპების, შეურაცხმყოფელ-დამამცირებელი კარიკატურების მილიონობით ვერსია შეუჩერებლად იტვირთება საერთაშორისო სოციალურ ქსელებში და მათ გავრცელებაში ჩინურ სპეცსამსახურებს მინიმალური ძალისხმევა სჭირდებათ; ძირითად სამუშაოს, თანაც უდიდესი ენთუზიაზმით, სოც-ქსელების სასარგებლო იდიოტების მრავალმილიონიანი არმიები ასრულებენ.
ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციაც ხელს უწყობს ამ პროცესს საკუთარი გაუწონასწორებელი და დაუბალანსებელი რიტორიკით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ობიექტური მიზეზი აქვთ პანიკისათვის. ჩინეთი იმდენად წინ გაიჭრა, რომ ამ ეტაპზე ამერიკას ძალიან უჭირს ჩინურ გამოწვევებთან გამკლავება, მითუმეტეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ძალიან სერიოზულ პრობლემებს უმატებს ამერიკელებს. შესაბამისად, მოსალოდნელია და აუცილებლად ვიხილავთ კიდევ არაერთ მკვეთრ და არასასიამოვნო განცხადებას, თუმცა, საბედნიეროდ, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას გონიერება ჰყოფნის რომ ეს განცხადებები მხოლოდ "ვერბალურ განტვირთვად" დატოვოს.
ჩინეთის სპეცსამსახურების სასარგებლო იდიოტებად ფუნქციონირებას არც ქართული სოციალური და საინფორმაციო სივრცე ჩამორჩა. ბუნებრივია. სოციალური სივრცე ხომ მოაზროვნეთათვის არ არის შექმნილი. თანაც, ქართულ სივრცეში ჩინურ პროპაგანდისტულ მანქანას რუსულიც ემატება და მძლავრ რეზონანსს ქმნის.
მაგალითად, ტარიფების ომზე საუბრისას, პრაქტიკულად უგულებელყოფილია პოლიტიკურ-ეკონომიკური წანამძღვრების ანალიზი და კონცენტრირება ხდება ტარიფების "მავნე" ეფექტებზე. საშუალო-სტატისტიკური ქართველი ტოტალურად ზომბირებულია ანტი-ამერიკული პროპაგანდით და სოც-ქსელების მრავალმილიონიან არმიასთან ერთად მხიარულობს ჩინურ პროპაგანდისტულ მასალებზე, საიდანაც მაოსავით გაღიმებული სი ძინ პინი იცქირება.
რეალურად კი ...ჩინეთმა უკვე ძალიან სერიოზული ეკონომიკური დარტყმა მიიღო და ექსპერტთა პროგნოზებით მისი ეკონომიკის ექსპანსია მინიმუმ 4%-ით შემცირდება წელს. ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, საზღვაო კონტეინერების ბრუნვა უკვე 6%-ით შემცირდა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ასე რომ, პრეზიდენტი სი ძინ პინი მხოლოდ პროპაგანდისტულ ფოტოებზე იღიმება მშვიდად.
- რატომ დაარტყა ტარიფებით ამერიკამ მოკავშირეებს? - ჭმუნავს სოც-ქსელების საშუალო-სტატისტიკური მომხმარებელი. ჭმუნავს იმიტომ, რომ მას არავინ აუხსნა მარტივი ფაქტები; როგორიცაა მაგალითად ის, რომ ჩინური ექსპორტის 70%-ის მომხმარებლები არიან ევროპელები, იაპონელები და სამხრეთ კორეელები. ამასთან, ჩინელები უკვე ეძებენ (და მოძებნეს კიდეც) ახალ კონტაქტებს აზიურ ქვეყნებში, მაგალითად მალაიზია-ინდონეზიაში თუ ვიეტნამში, საიდანაც თავიანთ საქონელს ირიბად შეიტანენ ამერიკაში. ეს პროცესი უკვე ათვისებული აქვთ რუსებს. იცით ალბათ როგორ იყიდება რუსული ნავთობი ინდური და ჩინური კომპანიების მიერ, სანქციების შემოვლით. რაღა შორს წავიდეთ, მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცე, ყაზახეთის, სომხეთის და საქართველოს ჩათვლითაც, ჩართულია ანალოგიურ ეკონომიკურ მაქინაციებში ე.წ. შუამავალი კომპანიების მეშვეობით.
ტარიფებზე სასაუბროდ ამერიკაში ჩასულ ევროპელებს, იაპონელებს თუ კორეელებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია სთხოვს, რომ არ შეუწყონ ხელი ჩინური კომპანიების მათ ქვეყნებში გადაბარგებას ადგილობრივი კომპანიების საფარქვეშ და რომ უარი თქვან იაფფასიან ჩინურ ინდუსტრიულ ნაწარმზე. ამის გარეშე ეკონომიკური ომი ჩინეთთან ჩანასახშივე წაგებულია. და თუ რას ნიშნავს ჩინეთთან ამ ომის წაგება, ქართველებს კარგად შეუძლიათ წარმოიდგინონ, თუნდაც საკუთარ, ენდემურ რეჟიმზე დაკვირვებით, სადაც ტოტალური "კამერული კონტროლით" ეფექტურად მიმდინარეობს სახალხო პროტესტის მართვა; და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
წარმოუდგენელი მასშტაბის გამოწვევების წინ დგას დღეს ამერიკა. წლების განმავლობაში უკონტროლოდ მიშვებულმა სიტუაციამ კატასტროფულ ზღვრამდე მიიყვანა ვითარება. ვისაც დაახლოებით მაინც ესმის ეს, არ გაუჭირდება წარმოიდგინოს ის ფსიქოლოგიური წნეხი, რომელსაც პლანეტის წამყვანი ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს.
P.S. ეს სტატია უკვე დასრულებული მქონდა, როცა abc-news -მა გამოაქვეყნა, რომ ბოსტონის მერის, ჩინური წარმოშობის ამერიკელის, ქალბატონ მიშელ ვუს საარჩევნო კამპანია ჩინეთის კომპარტიამ დააფინანსაო. ბოსტონის მერის ... და ვინ იცის კიდევ რამდენის ...“, - წერს ზურაბ გურული.