როდესაც მოვა დრო, ომი უკრაინაში მორჩება, კონტრაბანდა კი შეწყდება, საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე იქნება მინიმალური და არაკრიტიკული, - ამის შესახებ ჟურნალისტი თენგიზ აბლოთია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სასიხარულო ფაქტია, რომ საქართველოს ადგილობრივ ექსპორტშიც, პირველ ადგილზეა ჩინეთი, ხოლო რუსეთი მეორეზეა.
„მოკლედ, ვაგრძელებ სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკის შესწავლას, და ამჟამადაც ძალიან საინტერესო მონაცემებია. მთლიან ექსპორტში - რეექსპორტის ჩათვლით, ბევრი საყურადღებო ცვლილებაა. პირველი - დაიწყო კლება ავტომობილების რეექსპორტმა, რაც სავარაუდოდ, დაკავშირებულია რუსეთში განბაჟების ტარიფების მკვეთრს ზრდასთან.
აქედან გამომდინარე წინა წლის საექსპორტო ლიდერი - ყირგიზეთი - გადავიდა მეორე ადგილზე - ამ ქვეყანაში ექსპორტი შემცირდა 36%-ით. მანქანების რეექსპორტი არის თქვენი ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი...
მეორე ადგილზე დიდი ხნის მანძილზე იყო ყაზახეთი, რომელმაც გადაინაცვლა სადღაც სულ ქვემოთ - ყაზახეთში ექსპორტი, ასევე ძირითადად ავტომობილები - შემცირდა 33%-ით. ზოგადად ავტოექსპორტი შემცირდა 2025 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 24%-ით, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 34%-დან 21%-მდე. მთლიანი ექსპორტის კუთხით პირველ ადგილზეა ჩინეთი, შემდეგ მოდიან ყირგიზეთი (მაინც!!!), აზერბაიჯანი, და მე-4 ადგილზეა რუსეთი. რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში გაიზარდა 8.6%-დან 9%-მდე. თუ ჩავთვლით, რომ ექსპორტი ყირგიზეთში არის იგივე რუსეთში, გამოდის 19%. ბევრია, მაგრამ არა კრიტიკული.
კიდევ უფრო საინტერესოა რეალური, ანუ, ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკა. პირველად ბოლო ათწლეულში ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში გაიზარდა 45-50-დან 67%-მდე - ციფრობრივად - 2025 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 388-დან 659 მლნ-მდე. ასეთი ზრდის ყველაზე ადვილი ახსნა იქნებოდა ე.წ, ყულევის ნავთობპროდუქტების ექსპორტი, ანუ, რეალურად რუსული პროდუქციის კონტრაბანდა, თუმცა, ციფრებით ეს არ დასტურდება - ეს მაჩვენებელი იანვარ-თებერვალში შეადგენს 88 მლნ. დოლარს, ზრდა კი შეადგენს 271 მლნ.-ს. შესაბამისად, ამ კონტრაბანდის გარეშეც კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდა თითქმის 180 მლნ. დოლარია.
სასიხარულო ფაქტია, რომ ადგილობრივ ექსპორტშიც კი, პირველ ადგილზეა ჩინეთი, ხოლო რუსეთი მეორეზეა. ჩინეთის წილი შეადგენს 22%-ს, რუსეთის კი - 13%. ეს ძალიან კარგი ამბავია. ასევე მისასალმებელია, რომ ადგილობრივ ექსპორტში იკლო ღვინის წილმა - ის გადავიდა მე-5 ადგილზე, და წილი შეადგენს სულ რაღაცა 4,8%-ს. რამდენიმე რეზიუმე ამ მონაცემებზე დაყრდნობით:
- კონტრაბანდული რეექსპორტი მცირდება. ამ ეტაპზე ეს ხდება თავად რუსეთის ინიციატივით, რომელმაც მოუჭირა პარალელურ იმპორტს, პერსპექტივაში ეს ცუდია ქოცებისთვის, კარგია ქვეყნისთვის.
- ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა თითქმის ყველა ტრადიციული საექსპორტი საქონლის ზრდის ხარჯზე - დაწყებული მადნებით, დასრულებული თხილით.
- რუსეთის წილი მცირდება არა მხოლოდ მთლიან, არამედ ადგილობრივ ექსპორტშიც კი, რაც არ ყოფილა არასდროს.
- რუსული ნავთობპროდუქტების კონტრაბანდამ ეს ციფრები გაამყარა, თუმცა, ძირითადი ტენდენციები ისედაც არის.
- როდესაც მოვა დრო, ომი უკრაინაში მორჩება, კონტრაბანდა კი შეწყდება, საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე იქნება მინიმალური და არაკრიტიკული.
- ამას დაუმატეთ გზავნილებში რუსეთის წილის შემცირება ერთ დროს 60-დან, დღეს 22-23%-მდე.
- სერიოზულ პრობლემად რჩება რუსეთზე დამოკიდებულება ტურიზმში. ამის წამალია ჩინეთი, ჩამოიყვანეთ ბევრი ჩინელი, და მათი წილი ჩააჩოჩებს უკან რუსეთს.
- პარადოქსი - პრორუსული ხელისუფლების პირობებში დამოკიდებულება რუსეთზე მცირდება და მცირდება (თუ არ ჩავთვლით წარმავალ კონტრაბანდას)“, - წერს თენგიზ აბლოთია.