ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ვფიქრობ, ამაზე დღეს აღარავინ დავობს - ბოლო წლების გლობალურმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სექტორია ენერგეტიკა. საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკული სისტემის მდგრადობასა და საიმედოობასთან.
საქართველოსთვის ეს საკითხი კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მაშინ როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, ამავდროულად, ვემზადებით ისეთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განსახორციელებლად, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი, რომელიც ქვეყანას ევროპული ენერგეტიკული სივრცის ნაწილად აქცევს. ამ ფონზე, ენერგეტიკაზე საუბარი მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოების საკითხს სცდება. საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ მომავალზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე, საერთაშორისო პარტნიორობებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც საქართველოს შეუძლია გამოიყენოს რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლის გასაძლიერებლად.
თუმცა, მიუხედავად ამ მნიშვნელობისა, საქართველოში ენერგეტიკული პროექტები ხშირად ხდება მითებისა და დეზინფორმაციის საგანი, ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები ცვლის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი დისკუსია რეალურ მონაცემებსა და პროფესიულ შეფასებებს ეფუძნებოდეს.
ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ ნებისმიერი ჰიდროენერგეტიკული პროექტი გარემოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, რეალობა გაცილებით უფრო კომპლექსურია. თანამედროვე ენერგეტიკული პროექტები საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით უნდა განვითარდეს, რაც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ბიომრავალფეროვნების კვლევას, სოციალური გავლენების ანალიზს და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული (არა მხოლოდ ენერგეტიკული) პროექტი გარკვეულ გავლენას ახდენს გარემოზე და სწორედ ამიტომ არის გადამწყვეტი პროექტების არა კატეგორიული უარყოფა ან მხარდაჭერა, არამედ მათი პასუხისმგებლიანი დაგეგმვა და მართვა.
მსოფლიო პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ჰიდროენერგეტიკული პროექტების ფუნქცია ხშირად მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოებით არ შემოიფარგლება. მაგალითად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიდროენერგეტიკული პროექტის - ჩინეთის სამი ხეობის კაშხლის - მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მდინარე იანძის აუზში ხშირ და დამანგრეველ წყალდიდობებთან ბრძოლა იყო, კაშხალი წყლის ნაკადის რეგულირების გზით ამცირებს წყალდიდობის რისკს და იცავს ქვედა დინებაში მდებარე ტერიტორიებს, დასახლებებსა და ინფრასტრუქტურას. ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ ჰიდროენერგეტიკული პროექტების შეფასებისას მნიშვნელოვანია მათი დანიშნულებისა და ფუნქციის ფართო კონტექსტში დანახვა.
თუმცა, ენერგეტიკულ სექტორში გავრცელებული მცდარი წარმოდგენები მხოლოდ ჰიდროენერგეტიკას არ უკავშირდება, ხშირად გვხვდება გამარტივებული მიდგომებიც, რომლებიც ენერგოსისტემის რეალურ საჭიროებებს სრულად ვერ ასახავს. ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული უპირატესობა მისი მრავალფეროვანი განახლებადი რესურსებია. ქვეყანას აქვს დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, მზის ენერგიის განვითარების მზარდი შესაძლებლობები და ქარის მნიშვნელოვანი რესურსები. სწორედ ამ წყაროების დაბალანსებული განვითარება ქმნის მდგრადი ენერგოსისტემის საფუძველს. არაერთხელ მოგვისმენია მოსაზრება, რომ “არ გვინდა ჰესები, ავაშენოთ ქარის ან მზის სადგურები და საკმარისი იქნება”, სინამდვილეში მხოლოდ ქარის, მხოლოდ მზის ან თუნდაც ამ ორი რესურსის გამოყენება ენერგოსისტემის მდგრადობისთვის საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ არც ერთი ტექნოლოგია არ წარმოადგენს ერთადერთ გამოსავალს. წარმატებული ენერგეტიკული პოლიტიკა სხვადასხვა ენერგორესურსის ეფექტიან კომბინაციას ეფუძნება, სადაც თითოეულ წყაროს საკუთარი როლი და მნიშვნელობა აქვს.
ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ნდობასა და ინფორმირებულობას. ენერგეტიკული პროექტების წარმატება მხოლოდ ტექნიკურ და ფინანსურ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. გამჭვირვალე კომუნიკაცია, ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი და საზოგადოების აქტიური ჩართულობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ენერგეტიკული განვითარება იყოს როგორც ეკონომიკურად ეფექტიანი, ისე სოციალურად მისაღები.
დღეს საქართველო მართლაც დიდი შესაძლებლობის წინაშე დგას. ქვეყანას აქვს როგორც ბუნებრივი რესურსები, ისე გეოგრაფიული უპირატესობა, რომ რეგიონში მწვანე ენერგეტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცეს. თუმცა ამისთვის აუცილებელია, ენერგეტიკაზე საუბრისას ემოციებსა და წარმოდგენებზე მეტად ფაქტებს, ცოდნასა და გრძელვადიან ინტერესებს დავეყრდნოთ.
ავტორი: GREDA-ს სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირინა ქომეთიანი