“ბრიტანულ - ქართული აკადემიის” გარშემო  ბიზნესდავის მიმდინარეობაზე დაკვირვებისას, მექმნება შთაბეჭდილება, რომ “აკადემიის“ მინორიტარი აქციონერი (30%), ნათია ჯანაშია, ნანობს ინვესტორის წინააღმდეგ წარმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, თუმცა, ამ ეტაპზე, შექმნილი მისთვის არასახარბიელო სიტუაციიდან, გამოსავალს ვერ ხედავს”, - ამბობს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” - აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე. შეგახსენებთ, აფბა ამ გახმაურებული და მასშტაბური ბიზეს-დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

მისი თქმით, მთელი რიგი ასპექტები, კერძოდ, ნათია ჯანაშიას მიერ წარმოებული შავი პიარის დაღმავალი ტრენდი, ასევე მისი ის სუსტი პოზიციები, რაც სასამართლო განხილვებზე გამოჩნდა, მას ნათლად აჩვენებს, რომ მისი და მისი ქმრის რეიდერულ ჩანაფიქრს, - სასურველი პირობებით კვლავ დაეუფლონ ერთხელ უკვე სარფიანად გაყიდული “აკადემიის” მთლიან წილს, წარმატებით ვერ დასრულდება.

“სწორედ ეს გარემოებები მაფიქრებინებს, რომ ნათია ჯანაშია კარგად ხვდება, რომ ინვესტორთან მიმართებით, მისი მხრიდან, ორი წლის განმავლობაში გადადგმული დეფამაციური ნაბიჯები  შეცდომა იყო, თუმცა როგორც ჩანს, მისი კამპანია ინერციით, ჯერ-ჯერობით, მაინც გრძელდება”, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ბაჩანა ჯინჭარაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც „აკადემიის“  მაჟორიტარმა აქციონერმა (70%)-ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე, დავით ცეცხლაძე, სავარაუდო მასშტაბური ფინანსური გადაცდომებისა და მართვი გმოვლენილი დარღვევების გამო, სრულიად კანონიერად ჩამოაშორა კომპანიის ხელმძღვანელობას,  რასაც მათთვის ყოველწლიური 1-მილიონიანი ანაზღაურების შეწყვეტაც მოჰყვა, წყვილმა დაკარგული პოზიციების რეიდერული გზით დაბრუნება სცადა.

“ამ მიზნით, მათ ინვესტორის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეპუტაციის შემლახველი კამპანია წამოიწყეს, რათა მსხვერპლის იმიჯის მორგებითა და ზეწოლის გზით, ადრე უკვე მაღალ ფასად გასხვისებული წილი უკანონოდ ჩაეგდოთ ხელში.

დავის საწყის ეტაპზე ჯანაშია საზოგადოებას არწმუნებდა, თითქოს 70%-იანი წილი, ინვესტორმა მოტყუებით, რეალურ ღირებულებაზე იაფად დაათმობინა. რა თქმა უნდა, ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება მას არ წარუდგენია. საპირწონედ კი, არსებობს  ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ 29,3 მილიონი ლარი, რომელიც გარიგების გაფორმებისთანავე ჯანაშიამ და ცეცხლაძემ თანაბრად გადაინაწილეს, იმ დროისთვის არსებულ საბაზრო ღირებულებას 500 000 ლარითაც კი აღემატებოდა.

გარდა ამისა, ჯანაშია ამტკიცებდა, რომ კუთვნილი თანხა სრულად არ მიუღია. ეს დეზინფორმაციაც მალევე გაბათილდა, რადგან სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების ასახვისთანავე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული თანხა მათ ანგარიშებზე უპრობლემოდ იყო ჩარიცხული.

მისი კიდევ ერთი ნარატივი ეხებოდა ოქროყანაში მდებარე მიწის ნაკვეთს, რომლის „აკადემიის“ კაპიტალში უსასყიდლოდ ასახვასაც მათ, თითქოს, ინვესტორი პირდებოდა. ჯანაშიამ ვერც ეს ბრალდება დაადასტურა, ვინაიდან მსგავსი პირობა არც მხარეთა შორის გაფორმებულ მემორანდუმში იძებნება და არც ძირითად ხელშეკრულებაში, ანუ დოკუმენტებში, რომლებიც გარიგების სამართლებრივ ჩარჩოს განსაზღვრავს. როგორც ირკვევა, აღნიშნული მიწის ნაკვეთის “აკადემიის” კაპიტალში ასახვის თაობაზე მხარები მართლაც იყვნენ შეთანხმებულნი, თუმცა წილობრივი თანაფარდობით. ანუ მაჟორიტარის კუთვნილი ნაკვეთის ღირებულების 30% ის ღირებულება, მინორიტარს თანხით უნდა დაებალანსებინა. ამის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები, ინვესტორს ღიად აქვს გაცხადებული“, - ამბობს ბაჩანა ჯინჭარაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ცრუ კამპანიის პარალელურად, ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი განცხადებების ტალღას ტალღაზე მიმართავდნენ. ეს ხდებოდა და ხდება არა მხოლოდ უშუალოდ ინვესტორის, არამედ ნებისმიერი იმ მესამე პირის მისამართითაც, ვინც პროცესთან დაკავშირებით ლოგიკურ კითხვებს სვამს.

„წესით, მათ იმთავითვე უნდა სცოდნოდათ, რომ მსხვილ კორპორაციასა და მაჟორიტარ აქციონერს შანტაჟის გზით მრავალმილიონიან წილს ვერ დაათმობინებდნენ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - რატომ აირჩიეს დავის წარმოების ასეთი ტაქტიკა?“ - აღნიშნავს ბაჩანა ჯინჭარაძე და  იქვე ამბობს, რომ სავარაუდოდ, მათი გათვლა ეფუძნებოდა დაშვებას, რომ ინვესტორი, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანია, საერთაშორისო რეპუტაციული რისკების თავიდან არიდების მიზნით, რამდენიმე ათეული მილიონი ლარის გამო, პროცესების გაღრმავებას მოერიდებოდა და წილს მათთვის ხელსაყრელი პირობებით დაუთმობდა.

“ეს ხედვა, ნათია ჯანაშიას, საკუთარ “საპროგრამო სტატიებშიც” კი აქვს ღიად დაფიქსირებული. და სავარაუდოდ, მათ ამ სტრატეგიის წარმატების სჯეროდათ კიდეც, რადგან ინვესტორი, კორპორატიული ეთიკიდან გამომდინარე, დიდხანს ინარჩუნებდა დუმილს და მათ თავდასხმებს არ პასუხობდა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეიდერებისთვის მოულოდნელი იყო ინვესტორის მკაცრი, სამართლებრივად დასაბუთებული პასუხი, რომელიც ეფუძნება მშრალ ფაქტებს, რიცხვებსა და დავის მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში გადაყვანას.

არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მართლმსაჯულება და საგამოძიებო ორგანოები, საბოლოო ვერდიქტით, ინვესტორის სიმართლეს დაადასტურებენ, ხოლო ნათია ჯანაშიას მხარის ბრალდებებს ცრუდ და ცილისმწამებლურად ცნობენ”, - აღნიშნავს ჯინჭარაძე.

აფბას ანალიტიკოსის განცხადებით, ამ მოლოდინის საფუძველს იძლევა ინვესტორის თანმიმდევრული პოზიცია. - კომპანია, როგორც საქართველოს, ისე დიდი ბრიტანეთის სასამართლოებში მშვიდად მიჰყვება პროცესებს და გადაწყვეტილებების მიღებას მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტაციასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ელოდება.

„რაც შეეხება ნათია ჯანაშიას მხარეს, უკვე მესამე წელია, „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებულ დავასთან მიმართებით, მას  საზოგადოებისთვის არცერთი ოფიციალური საბუთი არ წარუდგენია.

სადღეისოდ, როგორც ჩანს, ნათია ჯანაშიას მხარისთვისაც ნათლად იკვეთება, რომ  ინვესტორის წინააღმდეგ წარმოებული დაფამაციური კამპანიის წამოწყება, მათი სტრატეგიული შეცდომა იყო. თუმცა, ასევე იკვეთება, რომ ამის თუნდაც დეკლარირებულად აღიარება, მათთვის ეფექტის მომტანი მაინც ვერ იქნება, რამდენადაც ინვესტორი სამართლებრივ პროცესებს, როგორც აღინიშნა, ბოლომდე თანმიმდევრულად მიჰყვება და უკან დახევას არ აპირებს“, - მიიჩნევს  ჯინჭარაძე.