აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში, Forbes 400-ში, მოსახვედრად წელს რეკორდული $4.4 მილიარდი იყო საჭირო – $600 მილიონით მეტი, ვიდრე 2025 წელს და $2.7 მილიარდით მეტი, ვიდრე ათი წლის წინ. რეიტინგში შემავალი 400 ადამიანი ჯამურად $8 ტრილიონს ფლობს, რაც გასულ წელთან შედარებით $1.4 ტრილიონით მეტია.

ამერიკის უმდიდრესი ადამიანების ქონების ზრდას განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების ბუმმა, ასევე აშშ-ის საფონდო ბაზარზე კომპანიების აქციების ფასების მატებამ შეუწყო ხელი. ამ ფონზე, რეკორდულად მაღალი ზღვრის მიუხედავად, Forbes 400-ის წლევანდელ სიაში 34 ახალი წევრი მოხვდა.

რეიტინგის სათავეში კვლავ ილონ მასკია, რომლის ქონება ბოლო 12 თვეში ორჯერ მეტით გაიზარდა და $908 მილიარდს მიაღწია. მისი ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მისმა კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ივნისში საჯარო შეთავაზება განახორციელა, რომელიც ისტორიაში ყველაზე მსხვილი IPO გახდა. შედეგად, მასკი მოკლე პერიოდში მსოფლიოში პირველი ტრილიონერიც გახდა.

მეორე ადგილზე Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია $378 მილიარდით. მისი ქონება ერთ წელიწადში $137 მილიარდით გაიზარდა, რასაც Amazon-ის აქციების ზრდასთან ერთად მისი კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის შეფასების მატებამაც შეუწყო ხელი.

მესამე ადგილზე Alphabet-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯია $278 მილიარდით. მისი ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა Google-ის მშობელი კომპანიის აქციების თითქმის 60%-იანი ზრდის ფონზე, რასაც Google Cloud-ისა და Gemini-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ძლიერი შედეგები დაეხმარა.

ვრცლად forbes.ge-ზე