რუსთაველის გამზირზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გავაგრძელებთ სამუშაოებს, რომ ძალიან სწრაფად დავამთავროთ ყველაფერი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნოემბრის ბოლოს დასრულდება ყველაფერი.

„რუსთაველის გამზირზე მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის მოწესრიგება, განახლება. პირველი რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია პირველივე დღიდან სამუშაოებში. ჩვენი დაპირება იყო, რომ 15 სექტემბრამდე ერთი გარკვეული მონაკვეთი გაკეთებული იქნებოდა, ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნებოდა. ეს შესრულდა. როგორც ავტომობილებისთვის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შესაძლებელია გადაადგილება ჭოველიძიდან ელბაქიძის აღმართამდე.

ამან გარკვეულწილად შეამსუბუქა ის მძიმე მდგომარეობა, რაც გადაადგილების თვალსაზრისით იყო. ცხადია, სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. იცით, რომ ნოემბერში, ნოემბრის ბოლოს დასრულდება ყველაფერი, მანამდე გარკვეული შეზღუდვები იქნება, გადაადგილების დისკომფორტი, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელი იქნებოდა.

გავაგრძელებთ სამუშაოებს, რომ ძალიან სწრაფად დავამთავროთ ყველაფერი“,- აღნიშნა კალაძემ.