პარაპროქტიტის ძირითად რისკ-ჯგუფში არიან პაციენტები, რომელთაც აქვთ ქრონიკული ყაბზობა, ქრონიკული დაავადებები და იმუნოდეფიციტი, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ პროქტოლოგმა ლევან გულუამ განაცხადა.

მისი თქმით, პარაპროქტიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის სწორი ნაწლავიდან გავრცელებული ინფექცია, რომელიც ვრცელდება ანალურ არხში არსებული კრიპტიდან და შემდგომ ვრცელდება პარარექტალურ სივრცეში.

„კომერსანტი“ ლევან გულუას პარაპროქტიტზე, მის სიმპტომებზე, რისკ-ფაქტორებსა და მკურნალობის მეთოდებზე ესაუბრა.

რა არის პარაპროქტიტი?

პარაპროქტიტი, არის სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებული  ცხიმოვან შემაერთებელი ქსოვილის ჩირქოვან ანთებითი პროცესი.

რა განსხვავებაა ფისტულასა და ნაპრალს შორის და რა შემთხვევაში ყალიბდება ანალური ნაპრალი?

ანალური ნაპრალი არის ნახეთქი (ზედაპირული ხაზოვანი დაზიანება ანოდერმაში) ანალური არხში, ანალური ნახეთქის ჩამოყალიბების ძირითადი მიზეზი არის ლორწოვანისა და ანოდერმის მექანიკური დაზიანება (ტრავმა, ყაბზობა, დეფეკაცია მყარი განავლოვანი მასებით).  ანალური ფისტულა არის ქრონიკული ანთებადი ხვრელმილი, რომელიც ყალიბდება სწორ ნაწლავსა და კანს შორის.

რა იწვევს პარაპროქტიტს და მისი რა ფორმებია ცნობილი?

პარაპროქტიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის სწორი ნაწლავიდან გავრცელებული ინფექცია, რომელიც ვრცელდება ანალურ არხში არსებული კრიპტიდან (ანალური არხის ეპითელიუმი) და შემდგომ ვრცელდება  პარარექტალურ სივრცეში. პარაპროქტიტის სახეობა განსხვავდება ჩირქგროვის ანატომიური მდებარეობით, არსებობს ზედაპირული პერიანალური აბსცესები,ინტრასპინქტერული, იშიოროექტული და პელვიორექტული აბსცესები.

ვინ არიან პარაპროქტიტის რისკ-ჯგუფში?

რისკ ჯგუფი მოიცავს პაციენტს, რომელთაც აქვთ ქრონიკული ყაბზობა, რაც იწვევს ანალური არხის მექანიკურ დაზიანებას, ქრონიკული ინფექციები, ასევე იმუნოდეფიციატიანი პაციენტები და პაციენტები რომელთაც აწუხებთ  ქრონიკული ანალური ნაპრალი ან ფისტულა.

როგორია სიმპტომები, რომლებიც  ფისტულების და ნაპრალების არსებობას გვატყობინებს?

ანალური ნახეთქის შემთხვევაში სიმპტომი მოიცავს ტკივილს დეფეკაციის შემდგომ, სისხლიანი გამონადენის არსებობას,  ქავილისა და მუდმივი დისკომფორტის შეგრძნებას უკანა ტანის არეში. ფისტულის შემთხვევაში, პაციენტები ხშირად უჩივიან მცირე ზომის წარმონაქმნის და პერიოდულად გამონადენის არსებობას.

რა დიაგნოსტიკური საშუალებები არსებობს პარაპროქტიტის გამოსავლენად?

პარაპროქტიტის ძირითადი დიაგნოსტიკური მეთოდი არის გასინჯვა, კონსულტაცია. იშვიათი პარაპროქტიტების შემთხვევაში გამოიყენება მცირე მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მრტ კვლევა, ასევე ენდოანალური ულტრაბგერითი კვლევა.

როგორ მეთოდებით ხდება ფისტულების და ნაპრალების მკურნალობა ნიუ ჰოსპიტალსში? 

„ნიუ ჰოსპიტალში“ ფისტულის და ანალური ნაპრალის მკურნალობა ხდება, როგორც ტრადიციული  ქირურგიული ჩარევებით, ასევე თანამედროვე ლაზერული მეთოდიკით, რომელიც ითვალისწინებს ანალური ფისტულების ლაზერულ აბლაციას (მოწვას).

შესაძლებელია თუ არა ოპერაციის ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარება?

შესაძლებელია, გააჩნია დაზიანების ხარისხს და პროცესის მდებარეობას.

როგორია პოსტოპერაციული პერიოდი და როდის უბრუნდება პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს?

პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი დამოკიდებულია ჩარევის მასშტაბზე. პაციენტი ჩარევის დღესვე  დგება ფეხზე და აქტიურდება, ხოლო სრული რეაბილიტაცია მოიცავს 2-3 კვირას, რაც დამოკიდებულია ჭრილობის ზომაზე და დაზიანების ხარისხზე.

ახასიათებს თუ არა პარაპროქტიტს რეციდივი?

დიახ, ახასიათებს, თუ ინტრაოპერაციულად არ იქნა იდენტიფიცირებული ხვრელმილი, საიდანაც პირველადად გავრცელდა ინფექცია ან ოპერაციის შემდგომ ჩამოყალიბდა სწორი ნაწლავის ფისტულა.

შეიძლება თუ არა, რომ გართულდეს პარაპროქტიტი, თუ დროულად არ ვუმკურნალეთ?

რა თქმა უნდა, როგორც ყველა ჩირქოვანი პროცესი, მწვავე პარაპროქტიტიც გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება და არ გაიზარდოს ქსოვილის დაზიანების ხარისხი, ან არ განვითარდეს სეპტიკური პროცესები, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია ანაერობული ფლორისგან განვითარებული პარაპროქტიტებისთვის.