მიოკარდიუმის ინფარქტი ყოველთვის მკვეთრი ტკივილით არ იწყება- ხშირად ის „ჩუმი“ ნიშნებით ვლინდება, როგორიცაა უჩვეულო დაღლილობა, ქოშინი ან გულმკერდის მსუბუქი დისკომფორტი, რასაც პაციენტები ხშირად სხვა პრობლემებს მიაწერენ. სწორედ ამ ადრეული, ხშირად შეუმჩნეველი სიმპტომების დროული ამოცნობა და ამბულატორიული სკრინინგი წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს სიცოცხლისთვის საშიში გართულებების თავიდან ასაცილებლად.
"ნიუ ჰოსპიტალსის" ექიმი კარდიოლოგი თამარ ნარმანიას თქმით, გულის სისხლძარღვების შესამოწმებლად კორონაროგრაფია ყველაზე უსაფრთხო და ზუსტი გზაა.
მისივე ინფორმაციით, კორონაროგრაფია რუტინული და მაღალი უსაფრთხოების მქონე პროცედურაა, რომლის ჩატარებაც ადგილობრივი ანესთეზიით არის შესაძლებელი.
რა დროს უნდა მივმართოთ კარდიოლოგს, შესაძლებელია თუ არა დაავადების პრევენცია, როგორია ასკობრივი ზღვარი- ამ და სხვა მთავარ კითხვებს "ნიუ ჰოსპიტალსის" კარდიოლოგმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში უპასუხა, რომელსაც სრული ფორმით გთავაზობთ.
- რა ჩუმი სიმპტომებით ვლინდება მიოკარდიუმის ინფარქტი ადრეულ ეტაპზე, რომლის დადგენაც ამბულატორიის ეტაპზეა შესაძლებელი?
მიოკარდიუმის ინფარქტი ყოველთვის მწვავე ტკივილით არ იწყება. ხშირად ის ვლინდება ე.წ. „ჩუმი“ სიმპტომებით, რომელთა იდენტიფიცირება ამბულატორიული სკრინინგისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ესენია:
- არაპროპორციული დაღლილობა: უჩვეულო სისუსტე, რომელიც არ შეესაბამება შესრულებულ ფიზიკურ დატვირთვას.
- ქოშინი: ჰაერის უკმარისობის შეგრძნება მსუბუქი მოძრაობისას ან მოსვენებულ მდგომარეობაში.
- დისკომფორტი გულმკერდში: არა ტკივილი, არამედ სიმძიმის, მოჭერის ან წვის ხანმოკლე შეგრძნება, რომელიც ფიზიკური დატვირთვისას იმატებს.
ამ ნიშნების არსებობისას ამბულატორიული კვლევები (ეკგ, ექოკარდიოგრაფია, დატვირთვის ტესტი) საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ იშემია მანამ, სანამ ის შეუქცევად დაზიანებაში გადავა.
- არსებობს თუ არა ე.წ. „ატიპიური“ ნიშნები, რაც პაციენტს შეიძლება სხვა. დაავადებაში აერიოს?
კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ინფარქტი „ნიღბის“ ქვეშ მიმდინარეობს. პაციენტმა ის შეიძლება შეცდომით მიაწეროს:
- საჭმლის მომნელებელ სისტემას: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში (კუჭის ზედა ნაწილში), გულძმარვა ან გულისრევა, რაც ხშირად გასტრიტში ან მოწამვლაში ერევათ.
- ხერხემლის პრობლემებს: ტკივილი მხოლოდ ბეჭებს შორის, მარცხენა მხარში ან ყბის არეში.
- გრიპოზულ მდგომარეობას: ცივი ოფლი, მკვეთრი სისუსტე და თავბრუსხვევა.
მსგავსი სიმპტომებისას, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში, პირველ რიგში კარდიოლოგიური პათოლოგიის გამორიცხვაა პრიორიტეტული.
- როგორია დაავადების დიაგნოსტირების გზები
დიაგნოსტიკა არის მრავალსაფეხურიანი პროცესი, რომელიც იწყება ანამნეზის შეკრებით და გრძელდება მაღალტექნოლოგიური კვლევებით:
- ელექტროკარდიოგრამა (ეკგ): პირველადი რგოლი გულის რიტმისა და იშემიის შესაფასებლად.
- ექოკარდიოგრაფია: გულის ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც აჩვენებს გულის კუნთის მუშაობასა და სარქვლოვან აპარატს.
- ლაბორატორიული მარკერები: სისხლში სპეციფიკური ფერმენტების (მაგ. ტროპონინი) განსაზღვრა.
- დატვირთვის ტესტები: გულის მუშაობის შეფასება ფიზიკური აქტივობის დროს.
- კორონაროგრაფია: საბოლოო და ყველაზე ზუსტი ინვაზიური მეთოდი.
- რატომ არის კორონაროგრაფია ყველაზე უსაფრთხო და ზუსტი გზა გულის სისხლძარღვების შესამოწმებლად?
კორონაროგრაფია მიიჩნევა „ოქროს სტანდარტად“, რადგან ის გვაძლევს კორონარული არტერიების პირდაპირი ვიზუალიზაციის საშუალებას. მისი უპირატესობაა:
- აბსოლუტური სიზუსტე: ექიმი ხედავს სისხლძარღვის შევიწროების ზუსტ ადგილს, ხარისხს და ხასიათს.
- მყისიერი მკურნალობის შესაძლებლობა: დიაგნოსტიკის პროცესშივე შესაძლებელია სტენტირება.
- ტექნოლოგიური პროგრესი: თანამედროვე აპარატურა და გამოცდილი გუნდი მინიმუმამდე ამცირებს პროცედურულ რისკებს.
- პაციენტების ნაწილს კორონაროგრაფიის, როგორც ინვაზიური პროცედურის, ეშინია. მოგვიყევით უშუალოდ პროცედურის შესახებ, რამდენად უსაფრთხოა, ახლავს თუ არა რისკები, როგორი მომზადება და რეაბილიტაცია სჭირდება?
ინვაზიური ჩარევის შიში ბუნებრივია, თუმცა თანამედროვე მედიცინაში კორონაროგრაფია რუტინული და მაღალი უსაფრთხოების მქონე პროცედურაა.
- პროცედურა: ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ძირითადად მაჯის არტერიიდან (რადიალური მიდგომა). პაციენტი არის ფხიზლად და არ გრძნობს ტკივილს.
- მომზადება: საჭიროა თირკმლის ფუნქციის შემოწმება და უზმოზე ყოფნა.
- რეაბილიტაცია: მაჯიდან ჩატარებული პროცედურის შემდეგ პაციენტი იმავე დღეს აქტიურდება. სრულფასოვანი შრომისუნარიანობა აღდგება 24-48 საათში.
- რატომ ჯობია და რა უპირატესობები აქვს კარდიოლოგიური შემოწმების ჩატარებას მულტიპროფილურ კლინიკაში?
კარდიოლოგიური პაციენტის მართვა მულტიპროფილურ კლინიკაში, როგორიცაა „ნიუ ჰოსპიტალსი“, ნიშნავს უსაფრთხოების მაქსიმალურ გარანტიას.
მულტიპროფილური კლინიკის უპირატესობა 'Heart Team'-ის პრინციპია (გულის გუნდი). თუ ამბულატორიული ვიზიტისას აღმოჩნდა, რომ პაციენტს აქვს სერიოზული კარდიოლოგიური პრობლემები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთვება ექიმთა გამოცდილი გუნდი (კარდიოლოგი, ინტერვენციონისტი, ქირურგი). კორონაროგრაფიით მრავალი სისხლძარღვოვანი პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში
კარდიოქირურგიული და რეანიმაცია-ანესთეზიის მაღალკვალიფიციური გუნდი მზადაა 24/7 რეჟიმში ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ჩარევის ჩასატარებლად.
გული არ არის იზოლირებული ორგანო; მისი მუშაობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა ორგანოთა სისტემებთან. თუ გამოვლინდა ისეთი თანმხლები დაავადებები როგორიცაა მაგალითად, თირკმლის უკმარისობა, სხვადასხვა ენდოკრინული დაავადებები, ჩვენს კლინიკაში სხვადასხვა დარგის ექიმები მყისიერად ერთვებიან მკურნლობის პროცესში.
- რა არის ის მთავარი ნიშნები, რა დროსაც ადამიანმა უნდა მიმართოს კარდიოლოგს ამბულატორიულ ვიზიტზე?
ნუ დაელოდებით მწვავე ტკივილს. ვიზიტი აუცილებელია, თუ:
- გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (>130/80 მმ.ვწყ.სვ).
- გაწუხებთ დისკომფორტი გულმკერდში დატვირთვისას.
- გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან ჭარბი წონა.
- ოჯახურ ანამნეზში ფიქსირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ადრეულ ასაკში.
- შესაძლებელია თუ არა დაავადების პრევენცია და როგორ?
თანამედროვე კარდიოლოგიის უმთავრესი ამოცანა გახლავთ, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი შემთხვევათა მინიმუმ 80%-ის თავიდან აცილება მოხდეს. პრევენციის სტრატეგია ეფუძნება ორმხრივ მიდგომას: რისკ-ფაქტორების მოდიფიკაციასა და ადრეულ ფარმაკოლოგიურ ინტერვენციას.
აკადემიური თვალსაზრისით, პრევენციის ქვაკუთხედი დისლიპიდემიის მართვაა. ათეროსკლეროზული პროცესების შესაფერხებლად აუცილებელია ლიპიდური პროფილის მოწესრიგება, რაც ხორციელდება ახალი თაობის ჰიპოლიპიდემიური პრეპარატების გამოყენებით. აღნიშნული მედიკამენტები უზრუნველყოფენ არა მხოლოდ „ცუდი ქოლესტერინის“ (LDL) დონის დაქვეითებას, არამედ უკვე არსებული ათეროსკლეროზული ფოლაქების სტაბილიზაციასა და სისხლძარღვის ენდოთელური ფუნქციის გაუმჯობესებას.
გარდა მედიკამენტური თერაპიისა, პრევენცია მოითხოვს სისტემურ ამბულატორიულ მეთვალყურეობას, რაც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ არტერიული ჰიპერტენზიის და მეტაბოლური დარღვევების ადრეული კორექცია. სწორედ დროული ფარმაკოლოგიური მხარდაჭერა და რეგულარული კლინიკური სკრინინგი წარმოადგენს იმ მყარ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის კორონარული კატასტროფების განვითარებას.
- როგორია დაავადების ასაკობრივი ჯგუფი?
მიოკარდიუმის ინფარქტის ასაკობრივი სტრუქტურა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა და დაავადების „გაახალგაზრდავების“ ტენდენცია გამოიკვეთა.
- ახალგაზრდა ასაკი (40 წლამდე)- მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფი რისკის დაბალ ზონად ითვლება, შემთხვევათა 5-10% სწორედ მათზე მოდის. აქ ინფარქტის მთავარი მიზეზებია გენეტიკური წინასწარგანწყობა, თამბაქოს ინტენსიური მოხმარება და მაღალი სტრესული ფონი. ამ ასაკში პათოლოგია ხშირად მწვავე და მოულოდნელია.
- საშუალო ასაკი (40-65 წელი)-ეს არის ყველაზე აქტიური ჯგუფი, სადაც შემთხვევათა 35-40% ფიქსირდება. ინფარქტის განვითარება ძირითადად დაკავშირებულია წლების განმავლობაში დაგროვილ რისკ-ფაქტორებთან, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი და მეტაბოლური სინდრომი. ამ ეტაპზე ამბულატორიულ პრევენციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
- ხანდაზმული ასაკი (65 წელს ზემოთ)-პაციენტების ეს კატეგორია რჩება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფად (50% და მეტი). აქ დაავადება მიმდინარეობს მულტიფოკალური ათეროსკლეროზის, სისხლძარღვთა კალციფიკაციისა და თანმხლები ქრონიკული პათოლოგიების ფონზე, რაც მკურნალობის პროცესს უფრო კომპლექსურს ხდის.
ასაკობრივი ზღვრის წაშლა ადასტურებს, რომ კარდიოლოგიური სიფხიზლე ნებისმიერ ასაკში აუცილებელია. თუ 65+ პაციენტებში აქცენტი უკვე არსებული დაზიანების შედეგების მართვაზეა, ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ჯგუფებში პრიორიტეტი აგრესიული ამბულატორიული სკრინინგია, რაც ნებისმიერ ასაკში სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის გარანტიაა.
- გენეტიკა თუ ცხოვრების წესი — რომელ ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია?
ეს ორი ფაქტორი მჭიდრო კავშირშია. გენეტიკა განსაზღვრავს „წინასწარგანწყობას“, თუმცა ცხოვრების წესი არის ის „ტრიგერი“, რომელიც დაავადებას ააქტიურებს. მაშინაც კი, თუ გენეტიკური რისკი მაღალია, ჯანსაღი ცხოვრების წესითა და მედიკამენტური პრევენციით შესაძლებელია დაავადების მრავალი წლით გადავადება ან საერთოდ თავიდან აცილება.
- რას ურჩევთ პაციენტებს? როგორ შეუძლიათ მათ სახლის პირობებშიაკონტროლონ რისკები?
თანამედროვე კარდიოლოგიური მიდგომები პაციენტისგან მოითხოვს აქტიურ ჯანმრთელობის მონიტორინგს, რომლის მთავარი მიზანია ამბულატორიული ვიზიტის დროული დაგეგმვა. სახლის პირობებში რისკების მართვა გულისხმობს რამდენიმე ფუნდამენტურ ასპექტს:
- ჰემოდინამიკური პარამეტრების რეგულარული აღრიცხვა: პაციენტმა უნდა აწარმოოს არტერიული წნევის დღიური. გადახრა სამიზნე მაჩვენებლიდან (<130/80 მმ.ვწყ.სვ) არის ჩვენება ამბულატორიული კონსულტაციისთვის.
- მეტაბოლური მარკერების კონტროლი: გლუკოზისა და ლიპიდური პროფილის იოდული მონიტორინგი;
- ფიზიკური დატვირთვის ტოლერანტობის შეფასება: თუ პაციენტი ამჩნევს, რომ ჩვეული ფიზიკური აქტივობისას (მაგ. სიარული, კიბეზე ასვლა) იმატებს დაღლილობა ან ქოშინი, ეს არის „წითელი დროშა“, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ამბულატორიულ სკრინინგს.
- ცხოვრების წესის კორექცია, როგორც სამედიცინო დავალება: თამბაქოზე უარის თქმა, წონის კონტროლი და მარილის შეზღუდვა (<5 გ/დღეში) არის ბაზისი კარდიო-ვასკულური რისკების შესაცირებლად.
- ფსიქო-სოციალური ჯანმრთელობა: სტრესის მართვა და ძილის ჰიგიენის დაცვა პირდაპირ კავშირშია კორტიზოლის დონესთან და გულის ჯანმრთელობასთან.
- ჯანსაღი კვება რისკების სამართავად- შეამცირეთ ან უარი თქვით რაფინირებული ნახშირწყლების გამოყენებაზე (ტკბილეულსა და ცომეულზე), მოერიდეთ ტრანსცხიმებს (მარგარინი, გადამუშავებული საკვები) და უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ ცხიმებს (ზეითუნის ზეთი, თხილეული), მცენარეული და ცხოველური პროდუქტებით და ზღვის როდუქტებით ბალანსირებულ კვებას.