თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე მდებარე მუშარაბიან სადარბაზოში ფოტოების გადაღება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია ფოტოსესიისათვის.

საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის კი ვიტრაჟებიანი სადარბაზოს ნახვა, ქვეყანაში აუცილებლად სანახავ ობიექტთა სიაშია.

რომ არა ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერა, თბილისს შეიძლება ვერ გადაერჩინა ძველი ქალაქის კულტურული მარგალიტი – მუშარაბიანი სადარბაზო.

ეს არის ერთი მცირე ნიმუში იმისა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როგორ დაეხმარნენ ევროპის ქვეყნები საქართველოს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაში.

თბილისში, ბეთლემის უბანში მდებარე ეს ცნობილი სადარბაზო ნორვეგიული ფონდის დახმარებით გადარჩა. მარცხნივ რეაბილიტაციამდე – მარჯვნივ, რეაბილიტაციის შემდგომ

ბეთლემის უბნის კომპლექსური კვლევა, კონსერვაციის გეგმა სრულად უცხოური დაფინანსებით მოხდა.

აქ ჩართული იყო მსოფლიო ძეგლთა ფონდი, სამუელ ჰ. კრესსის ფონდი, UNESCO კულტურული მემკვიდრეობის დივიზია და შვეიცარიის საგანგებო ვითარებათა ფონდი.

ხოლო ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროგრამაში – ბეთლემის უბნის ისტორიული ნაწილის აღდგენასა და მის კულტურულ-ტურისტულ სივრცედ გარდაქმნაში, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატმა [Riksantikvaren] 846 329 აშშ დოლარი დახარჯა.

ხევსურეთში, არხოტის თემში, სოფელ ახიელში ცისკარაულების საგვარეულო კოშკის გადარჩენაც, ევროპული ფონდების დახმარებით მოხერხდა.

საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე შუა საუკუნეების კოშკის გამაგრება-რეაბილიტაცია საერთაშორისო ფონდმა ალიფმა (Aliph Foundation) დააფინანსა.

ფონდის პარტნიორები კი დიდი გამოცდილების მქონე ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია (International National Trusts Organization (INTO) და ფრანგული კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია – რამპარი (Rempart) იყვნენ.

აღდგენილი ცისკარაულების საგვარეულო კოშკი სოფელ ახიელში და ჯგუფი, რომელმაც მის აღდგენაზე იმუშავა

ევროკავშირის და ევროკავშირის ქვეყნების როლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანია.

წლების განმავლობაში ათობით მილიონია დახარჯული იმისათვის, რომ კონკრეტული ისტორიული ძეგლები გადაერჩინათ.

ეკლესიების, ციხე-სიმაგრეების თუ ძველი ქალაქების ცალკეული უბნების გადარჩენაში ათობით ევროპული ფონდი იყო ჩართული. ამ სტატიაში მხოლოდ რამდენიმეს შესახებ მოგიყვებით, რადგან სია ვრცელია.

მაგალითად, ნიდერლანდური პრინცი კლაუსის ფონდის დაფინანსებით აღადგინეს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო რეზიდენცია ნიქოზში, მას შემდეგ, რაც იქ რუსეთმა ბომბები ჩამოყარა.

2008 წლის ომის დროს დამწვარი ნიქოზის სამონასტრო კომპლექსის საეპისკოპოსო სასახლე

მეხუთე საუკუნეში აგებული ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი, 2008 წლის 10 აგვისტოს დაიბომბა, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. დაბომბვის შედეგად დაიწვა ნიქოზის ისტორიული საეპისკოპოსო სასახლის ნაწილი.

საეპისკოპოსო სასახლის აღდგენა ნიდერლანდური ფონდის – პრინცი კლაუსის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სწრაფი რეაგირების პროგრამის საშუალებით გახდა შესაძლებელი.

ასევე პრინცი კლაუსის ფონდის მიერ არის დაფინანსებული აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დრენაჟის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე იკვის XI საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ნიდერლანდებთან ერთად ნორვეგია ის ქვეყანაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი კრონი აქვს დახარჯული საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-გადარჩენაში.

საქართველოში ნორვეგიის საელჩოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატმა საქართველოში დაფინანსდა შემდეგი პროექტები:

  • 2024 წელს 42 314 აშშ დოლარით დააფინანსა ხის კონსერვაციის კურსი საქართველოში.
  • 2005-2019 წლები -„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის არქივის დიგიტალიზაცია“ –  Riksantikvaren საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან 2005 წლიდან თანამშრომლობდა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე მემკვიდრეობის მართვისა და მმართველობის გასაძლიერებლად. ნორვეგიამ ეს გრძელვადიანი თანამშრომლობა დაახლოებით 10.5 მილიონი ნორვეგიული კრონით (1 077 744 აშშ დოლარი) დააფინანსა.
  • 2017-2021 წლებში 546 523 აშშ დოლარით დაფინანსდა თბილისის ისტორიულ ნაწილში, მეფე სოლომონ ბრძენის ქ. #33-ში მდებარე, ტრადიციული თბილისური საცხოვრებლის რესტავრაცია -კონსერვაცია.

თბილისში, მეფე სოლომონ ბრძენის ქ. #33-ში მდებარე სახლის რესტავრაცია -კონსერვაცია ნორვეგიამ 546 523 აშშ დოლარით დააფინანსა

  • 2004-2011 წლებში ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია დაფინანსდა 846 329 აშშ დოლარით.
  • 2012-2014 წლებში განხორციელდა პროექტი რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის. პროექტის 80% [400 001 ევრო] დააფინანსა EuroEast Culture-მ. პროექტში თანადამფინანსებელი იყო ნორვეგიული Riksantikvaren [30 000 ევრო].
  • 2007-2008 წლებში 61 000.00 აშშ დოლარით დაფინანსდა გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის რესტავრაცია. იუნესკოს/ნორვეგიის FIT პროექტის ფარგლებში.

გარდა ევროპის ცალკეული ქვეყნებისა და ფონდებისა, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა-რესტავრაციაში მილიონობით ევრო აქვს დახარჯული თავად ევროკავშირს.

ევროკავშირმა საქართველოში დააფინანსა ისტორიული ძეგლების რესტავრაცია – კონსერვაცია (ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები, ძველი ქალაქის უბნები).  

ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და შემოქმედებითი პროგრამის ფარგლებში კი გააძლიერა კულტურის სექტორი, დაეხმარა მუზეუმებსა და არქივებს განვითარებაში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კულტურული მენეჯმენტის განვითარებაში.

საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ცნობისათვის, 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირმა საქართველოს 2.1 მილიარდ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება გამოუყო. 

აქედან, მხოლოდ კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტებისათვის 30 მილიონი ევრო დაიხარჯა.

ეს თანხა დაიხარჯა კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციისთვის, სამუზეუმო სივრცეების განახლებისათვის, ასევე შემოქმედებით ინდუსტრიებსა და კულტურულ ტურიზმში.

„ბათუმელებმა“ ამ ეტაპისათვის მხოლოდ 2021-2022 წლებში განხორციელებულ პროექტებში დახარჯული თანხების მოძიება შეძლო.

ჯამურად 2 წლის განმავლობაში ევროკავშირს 25 490 996 ლარი აქვს დახარჯული სამუზეუმო სივრცეების რეაბილიტაციაში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რემონტში, სპორტული დარბაზების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

გთავაზობთ მხოლოდ კულტურული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალს, რომელთა რეაბილიტაციაშიც ევროკავშირის ფული დაიხარჯა.

მაგალითად:

  • ევროკავშირმა 2021-22 წლებში 465 012 ლარით დააფინანსა გურჯაანში, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაცია.
  • ევროკავშირმა 815 131 ლარით დააფინანსა გურჯაანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია.
  • ევროკავშირმა 827 057 ლარით დააფინანსა საჩხერეში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის-  „მოდინახეს ციხის“ მისასვლელისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების.
  • ევროკავშირმა 1 040 000 ლარით დააფინანსა ზესტაფონში, სოფელ ცხრაწყაროში ვარინკა წერეთლის სახელობის თეატრონის რეაბილიტაცია.

  • ევროკავშირმა 264 999 ლარით დააფინანსა დაბა ხარაგაულში მდებარე დევების ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის რეკონსტრუქცია.
  • ევროკავშირმა 1 092 914 ლარით დააფინანსა თერჯოლაში, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული ღია ამფითეატრისა და მასთან არსებული შენობა-ნაგებობების ფასადებისა და სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია.
  • ევროკავშირმა 249 999 ლარით დააფინანსა ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და ეთნოგრაფიული სივრცეების მოწყობა.
  • ევროკავშირმა 4 997 921 ლარით დააფინანსა  ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, რეკრეაციული ინფრასტრუტურის – მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობა.
  • ევროკავშირმა 742 501 ლარით დააფინანსა ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქისტაურში რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და თანმხლები ინფრასტრუქტურის მოწყობა.
  • ევროკავშირმა 613 168 ლარით დააფინანსა ლაგოდეხის მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია.
  • ევროკავშირმა 279 175 ლარით დააფინანსა თელავში ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ საინფორმაციო დაფებზე QR კოდების განთავსება. ასევე QR კუბების და ენერგოეფექტური სკამების განთავსება ქალაქში.

ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ მუზეუმებისა და კულტურული ცენტრებისა, რომელთა მშენებლობა, რეაბილიტაცია და განვითარება საქართველოში ევროკავშირის ფულით მოხდა.

პროგრამის EU4CULTURE ფარგლებში დამატებითი 7.85 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო საქართველოს რეგიონებში.

ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები, მხარდაჭერა მიიღეს ცალკეულმა არტისტებმა და კულტურის სფეროს პროფესიონალებმა.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო რეგიონული ქალაქების გაძლიერება. შეიქმნა კულტურული განვითარების სტრატეგიები და ქალაქებს გამოუყეს გრანტები 30 ათასიდან 300 ათას ევრომდე.

პროგრამის ფარგლებში გადამზადდა ათობით საჯარო მოხელე და კულტურის სფეროს წარმომადგენელი.

  • როგორ დაეხმარა ევროკავშირი საქართველოს ქალაქებს

პროგრამის EU4CULTURE ფარგლებში 5-მა ქალაქმა საქართველოში – ახალციხემ, ქუთაისმა, ფოთმა, თელავმა და ზუგდიდმა მიიღო გრანტი 10 ათასი ევროს ოდენობით, რომლის მიზანი იყო რეგიონების ქალაქებში კულტურის განვითარებაში დახმარება.

მოგვიანებით სამ ქალაქს – ქუთაისს, ფოთსა და ზუგდიდს 30-30 ათასი ევროს გრანტი გადასცეს.

ფინალურ ეტაპზე კი 300 ათასი ევროს დაფინანსება მოიპოვა ზუგდიდმა კულტურის სტრატეგიის განსახორციელებლად.

ევროკავშირმა პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებზე 48.9 მილიონი ევრო დახარჯა.

ეს არის ევროკავშირის მხარდაჭერილი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება.

სტატიაში მოყვანილია ევროკავშირის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარების მხოლოდ მცირე ნაწილი.

batumelebi.netgazeti.ge