საქართველოში გემთმშენებლობის აღორძინება შესაძლებელია, თუმცა, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ (TCRC) პუბლიკაციის მიხედვით, ინდუსტრიის განვითარება დიდი სატვირთო გემებისა და ტანკერების მშენებლობით დაწყებაზე მეტად, მცირე და საშუალო ზომის სპეციალიზებული ხომალდების წარმოებაზე ფოკუსირებას უნდა დაეყრდნოს.
ცენტრის შეფასებით, საქართველოსთვის პირველ ეტაპზე უფრო რეალისტური შეიძლება იყოს საპორტო კატარღების, საპატრულო და სამსახურებრივი ხომალდების, პილოტბოტების, ბუქსირების, სამუშაო ნავების, თევზსაჭერი გემებისა და იახტების წარმოება.
„დღეს მთავარი კითხვა აღარ უნდა იყოს — შეგვიძლია თუ არა საქართველოში დიდი გემის აშენება? უფრო სწორი კითხვაა — რა ტიპის გემის აშენება შეგვიძლია კონკურენტუნარიანად საქართველოში?“ — აღნიშნულია TCRC-ის პუბლიკაციაში.
ცენტრი ყურადღებას საქართველოს ისტორიულ გამოცდილებაზეც ამახვილებს. ფოთისა და ბათუმის გემთმშენებელ და გემთსარემონტო საწარმოებში სხვადასხვა ტიპის ხომალდები შენდებოდა და რემონტდებოდა. შესაბამისად, საუბარი სრულიად ახალი ინდუსტრიის ნულიდან შექმნაზე კი არა, დაკარგული საწარმოო და საინჟინრო კომპეტენციის თანამედროვე პირობებში აღდგენაზეა.
TCRC-ის ხედვით, ერთ-ერთი პირველი რეალური შესაძლებლობა შესაძლოა გემების შეკეთება და მოდერნიზაცია იყოს. ეს მიმართულება მოიცავს ძრავების, ელექტროსისტემების, კორპუსის, სანავიგაციო და საკომუნიკაციო მოწყობილობების მომსახურებას და განახლებას.
ამასთან, გემთმშენებლობის განვითარება მხოლოდ ერთი ქარხნის აშენებას არ ნიშნავს. ცენტრი საუბრობს საზღვაო ინდუსტრიული კლასტერის შექმნის საჭიროებაზე, სადაც სხვადასხვა კომპანია დაამზადებს ლითონის კონსტრუქციებს, ელექტროსისტემებს, მილსადენებსა და სხვა კომპონენტებს.
პუბლიკაციაში ასევე ხაზგასმულია ადამიანური რესურსის მნიშვნელობა - თანამედროვე გემთმშენებლობას სჭირდება საზღვაო ინჟინრები, კონსტრუქტორები, შემდუღებლები, ელექტრიკოსები და სხვა სპეციალისტები. ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანი როლი პროფესიულ განათლებას შეიძლება ჰქონდეს.
საქართველოსთვის პოტენციურ პირველ ბაზრად ცენტრი ადგილობრივ მოთხოვნას განიხილავს - პორტებს, საპილოტო და სამაშველო სამსახურებს, ტურისტულ კომპანიებსა და თევზჭერის სექტორს. ადგილობრივ ბაზარზე გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება რეგიონულ ბაზარზე გასვლაც.
თუმცა, TCRC ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ფინანსირებას, საერთაშორისო სერტიფიცირებას, კომპონენტების იმპორტზე დამოკიდებულებასა და შეკვეთების მოძიებას ასახელებს.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დასკვნით, საქართველოს გემთმშენებლობის აღორძინება შესაძლოა დიდი ხომალდით კი არა, მცირე ზომის სპეციალიზებული გემით დაიწყოს. ეტაპობრივად განვითარებულმა წარმოებამ კი მომავალში უფრო რთული და დიდი ქართული ხომალდების მშენებლობის საფუძველი შექმნას.