თბილისში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზების ახალი სქემა ამოქმედდება. ცვლილება სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ შევა ძალაში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილებების მიზანი აღნიშნულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება და გადაადგილების არსებული პრობლემების შემცირებაა. ახალი სქემა, ასევე, კონფლიქტური მანევრების შემცირებას, ქვეითებისთვის გადაადგილების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და გზებზე მოძრაობის უკეთ ორგანიზებას ითვალისწინებს.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დელისის მეტროსადგურიდან „სითი მოლის“ მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სავაჭრო ცენტრთან მდებარე მთავარ გზაჯვარედინზე პირველივე შესახვევში მარცხნივ მოხვევა იქნება შესაძლებელი. ამ გზით მძღოლები როგორც ქავთარაძის ქუჩაზე, ისე ყაზბეგის გამზირზე შეძლებენ გადასვლას.

მეორე შესახვევი კი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან „სითი მოლის“ მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის იქნება განკუთვნილი.

ცვლილება შეეხება ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურის მხრიდან ყაზბეგის გამზირისკენ გადაადგილებასაც. ამ მიმართულებით მოძრავი ავტომობილები „სითი მოლთან“ პირველივე შესახვევში მარჯვნივ მოხვდებიან, შემდეგ კი მარცხნივ მოხვევით ყაზბეგის გამზირზე გადავლენ. აღნიშნული შესახვევიდან ქავთარაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება აღარ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისი მუნიციპალური ტრანსპორტისთვის იქნება დაშვებული.

გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თავხელიძის ქუჩიდან „სითი მოლის“ მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე ზოლი მოეწყობა. ამასთან, გზის ორივე მიმართულებაზე ორი სამანქანო ზოლი შენარჩუნდება.

ცვლილებები იგეგმება სავაჭრო ცენტრის მიმდებარე მოედანზეც. იქ შუქნიშნით რეგულირებული ქვეითთა გადასასვლელები მოეწყობა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებს დაუკავშირდება.

მერიის ცნობით, ტერიტორიაზე არსებული საპარკინგე სივრცეები შენარჩუნდება, თუმცა მათი განლაგება მოძრაობის ახალი ორგანიზების სქემის შესაბამისად შეიცვლება.