შავი ზღვის გავლით წყალქვეშა კაბელის პროექტი განხორციელების ახალ ეტაპზე გადავიდა – დაიწყო მისი დეტალური დამუშავების ფაზა.

პროექტის ოპერატორი ერთობლივი კომპანია GECO Power-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორთა საბჭოს მეექვსე სხდომაზე მიიღეს. პროექტის ახალ ეტაპზე გადასვლა შესაძლებელი გახდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დამტკიცების შემდეგ, რომელიც მონაწილე ქვეყნების მთავრობებმა ბაქოში გამართულ მინისტერიალზე მოიწონეს.

შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია კონცეპტუალური პროექტირება, საინჟინრო კვლევები და შესყიდვების სტრატეგიის შემუშავება. ასევე დაიწყება პირველი წყალქვეშა კაბელის გასაყვანად შავი ზღვის ფსკერის კვლევის მომსახურების შესყიდვის პროცესი.

GECO Power ასევე მუშაობს პროექტისთვის ევროპული „ურთიერთინტერესის პროექტის“ (PMI/PCI) სტატუსის მიღების მიმართულებით, რაც ინიციატივას ევროკავშირის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინტეგრაციის შესაძლებლობას გაუზრდის.

შავი ზღვის ენერგეტიკული დერეფნის პროექტი 2022 წელს ბუქარესტში აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივა ითვალისწინებს კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპისკენ განახლებადი ენერგიის მიწოდებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას.

პროექტის ფარგლებში შავი ზღვის ფსკერზე საქართველოდან რუმინეთის მიმართულებით წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანაა დაგეგმილი, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოსისტემებს დააკავშირებს.

კაბელის სიგრძე წყალქვეშ დაახლოებით 1 115 კილომეტრი, ხმელეთზე კი 40 კილომეტრი იქნება. მისი ძაბვა 525 კილოვოლტს, ხოლო გადაცემის სიმძლავრე 1 300 მეგავატს შეადგენს. პროექტის დასრულება 2032 წლისთვის იგეგმება.

ევროკომისიამ პროექტი „ურთიერთინტერესის პროექტების“ (PMI) სიაში შეიტანა და მისი განხორციელებისთვის დაახლოებით 2,3 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.