ეკონომიკისტების ნაწილი აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტიო ფონდი (სსფ) ახალ სესხს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გვთავაზობს. მათივე მტკიცებით, შუა დერეფანზე, რომელიც საქართველოზე გადის და ერთადერთი უსაფრთხო სავაჭრო გზაა, კონტროლის დასამყარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ირგვლივ გვიტრიალებენ.
ეკონომისტი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე სრულად იზიარებს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილბას და „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სსფ-ს ამოცანაა, თავისი სამუშაო მიზანი გაამართლოს - იპოვოს სუბიექტები, რომლებიც მას დაუჯერებენ და სესხს შესთავაზებს.
„ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვჭირდება სსფ-ს სესხი. საქართველომ წარმატებით შეასრულა ვალდებულებები გარკვეულ პერიოდში და გაისტუმრა კრედიტი, რომელიც 90-იან წლებში აიღო ქვეყანამ. რაღაც დონეზე, ვისწავლეთ ჭკუა, როგორ უნდა ვმართოთ სისტემა. საქართველოს აქვს რეზერვი, რომელიც მოგებას იძლევა, ამიტომ დამატებით ვალის აღება აუცილებელი არ არის. გამოდის, რომ უნდა ავიღოთ სესხი და მერე უკან უნდა მივასესხოთ? რა საჭიროა და რატომ უნდა ავიღოთ დამატებითი ვალდებულებები. მოკლედ, ჩემი აზრი ისაა, რომ თუ უარი უთხრეს, ძალიან კარგი უქნიათ“, - ამბობს შეშელიძე.
იგივე მოსაზრება აქვს ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ სსფ-ს მისიის ხელმძღვანელის შემოთავაზებაში, აიღოს ქვეყანამ კრედიტი, ახალი არაფერია. მეტიც, ეკონომისტი ამბობს, რომ სსფ, მსოფლიო ბანკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია, რომელთა სათავეშია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მსოფლიო მთავრობას წარმოადგენს.
„ხშირად საუბრობენ, რომ არის რაღაც მასონური ორგანიზაცია, მსოფლიო მთავრობა და ასე შემდეგ, რეალურად, სწორედ გაერო გახლავთ მსოფლიო მთავრობა. თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ამ ყველაფერს დონალდ ტრამპი ამბობდა, მაგრამ პრეზიდენტობის მეორე პერიოდში უკვე დაუფარავად აცხადებს, რომ აშშ შეიძლება გაიყვანოს გაეროდან, ჯანმოდან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. აშშ-ის პრეზიდენტს არც ნატო მოსწონს არც ევროკავშირი იმიტომ, რომ ესენი არიან გლობალისტური ორგანიზაციები და მათი გეგმები ეწინააღმდეგება ტრამპის ამერიკის გეგმებს.
დღეს, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს გავლენის გადანაწილება. ტრამპი ავიწროებს მსოფლიო მთავრობას ყველა დონეზე, ისინი კი ცდილობენ, პოზიციები განიმტკიცონ. ხომ ხედავთ, რუსეთზე გამავალი საერთაშორისო სავაჭრო გზები დაიბლოკა უკრაინასთან ომის გამო, ახლო აღმოსავლეთში ჰორმუზის სრუტეა დაბლოკილი, ხოლო ის საზღვაო გზა, რომელიც შემოუვლის ინდო-ჩინეთს და შემდეგ სუეცის არხი უნდა გამოიაროს, იქაც ჩინეთისთვის არასაიმედო მდგომარეობაა, რადგან აშშ აკონტროლებს.
ამ სიტუაციაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ჩვენს სატრანზიტო გზას - შუა დერეფანს, ანუ იმ გზას, რომელიც საქართველოზე გადის. ეს გახდა მსოფლიო სავაჭრო მოძრაობის ცენტრალური ადგილი. ამიტომ, არ მიკვირს, რომ სწორედ ამ გზის გასაკონტროლებლად, თავს გვახვევენ კრედიტს, რომელიც არ გვჭირდება“, - აცხადებს სოსო სიმონიშვილი.
უშედეგო საკრედიტო შეთავაზების შემდეგ, სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიასაც გადასწვდა და აღნიშნა, რომ მსგავსი კონტროლი არაერთ ქვეყანაში სცადეს, მაგრამ ყველგან წარუმატებელი აღმოჩნდა.
„მნიშვნელოვანია ნებისმიერი ზომები, რომლების გატარებაც იგეგმება, შესაბამისობაში იყოს თავისუფალ ბაზართან რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ჩარევა, რომლებმაც მომავალში შეიძლება ცუდი შედეგები გამოიწვიოს. ფასების კონტროლის მსგავსი მექანიზმები არაერთხელ უცდიათ სახელმწიფოებს არ ვამბობ, რომ ეს არის ის, რის მცდელობაც აქვს ახლა სახელმწიფოს, თუმცა ფასების კონტროლი სცადეს ბევრ ქვეყანაში და ის ყოველთვის წარუმატებელი იყო. შესაბამისად, აუცილებელია თავისუფალი კონკურენტული გარემოს შენარჩუნება“ - განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.