ბრიტანეთი მომავალ კვირას მოკავშირეებს შეხვდება, რათა ჰორმუზის სრუტის გახსნის გზები განიხილოს ირანისთვის გადასახადის გადახდის გარეშე, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, 41 ქვეყნის წარმომადგენელი პირველად შეიკრიბება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
ჰორმუზის სრუტის საკითხზე ვირტუალურ შეხვედრას დიდმა ბრიტანეთმა 2 აპრილსაც უმასპინძლა, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ახლა მოლაპარაკებები უფრო დაბალ დონეზე გაიმართება. მოლაპარაკებები შეეხება კოორდინირებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზომებს, მათ შორის, შესაძლო სანქციებს.
"შეწყვიტეთ მუქარა, თითი ჩახმახზე გვიჭირავს" - ეს არის ირანის პასუხი მოსალოდნელ საფრთხეებზე. ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რომ თუ „ჰეზბოლასა” და ლიბანელი ხალხის წინააღმდეგ დარტყმები არ შეწყდება, ისინი „გამანადგურებელ და მტკივნეულ წინააღმდეგობას” გაწევენ.
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ.
მათი თქმით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე მართვას ახალ დონეზე გადაიყვანენ, კონტროლს შეინარჩუნებენ და არ დათმობენ „ირანის კანონიერ უფლებებს”.
განცხადების თანახმად, უკეთესია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის “სამარცხვინო მარცხს” გადახედონ და ირანელი ხალხის წინააღმდეგ მუქარებისგან თავი შეიკავონ.