დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად მერის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ - „კენტი და ლუწის ნომრების“ სისტემის ან ფასიანი ზონების შემოღების შესახებ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პრაქტიკა მსგავს მიდგომებს იცნობს, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თბილისში ეს მეთოდი მოსახლეობისთვის დიდი თავისტკივილი იქნება, მით უმეტეს, რომ მრავალი ოჯახისთვის ავტომობილი შემოსავლის ძირითადი წყაროა.
კრიზისის განსამუხტად შეზღუდვების ნაცვლად ინფრასტრუქტურული ზომებია საჭირო: ქუჩების გამტარუნარიანობის გაზრდა, შუქნიშნების ოპტიმიზაცია, სამოძრაო ზოლების შენარჩუნება და ახალი ხიდებისა თუ პანდუსების დამატება.
ურბანისტი და ინჟინერ-მშენბელი გიორგი შვანგირაძე მიიჩნევს, რომ აკრძალვა რეალურად პრობლემას ვერ გადაჭრის, სანამ საგზაო ინფრასტრუქტურა ფუნდამენტურად არ შეიცვლება.
„რეალურად სულ სხვა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. მაგალითად, ვისაც საშუალება აქვს და გადაადგილება სჭირდება, აუცილებლად შეიძენს მეორე მანქანას სხვა ნომრით და მაინც იმოძრავებს. თუ ახლა მოძრაობა ასპროცენტიანია, ამ კანონის შემოტანის შემდეგ მაჩვენებელი, ვთქვათ, 80–85%-მდე დაიკლებს, მაგრამ სამაგიეროდ, კატასტროფულად გამწვავდება პარკინგის პრობლემა.
რაც შეეხება უბნებში შესვლაზე ფასის კვოტის დაწესებას, ეს საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს გამოიწვევს. საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნაკლებად მისაღებია მოსახლეობისთვის და მსგავსი შეზღუდვების დაწესება სრულ არეულობას გამოიწვევს. ამიტომაც არც უბნებში ფასიან შესვლას და არც კენტ-ლუწი ნომრების სისტემას აზრი არ აქვს“, - განაცხადა გიორგი შვნაგირაძემ.
მისი შეფასებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. კომუნისტების დროს აგებული გზები ფართო ზოლებით გამოირჩეოდა, ახალი პროექტები კი ვიწროა, თუმცა ზოგჯერ სტანდარტს მაინც აკმაყოფილებს - იმ პირობით, თუ ზოლების რაოდენობა არ მცირდება. პრობლემა სწორედ მაშინ იქმნება, როცა გზები ვიწროვდება. გარდა ამისა, მოქალაქეებს ერთი სანაპიროდან მეორეზე გადასასვლელად დიდი დროის დახარჯვა უწევთ.
„ხიდები, რაც ახლა გვაქვს, ერთმანეთისგან ძალიან არის დაშორებული, რაც არაკომფორტულია. შესაძლებელია, ამ გზებს მოკლე ესტაკადური სახე მიეცეს, რაც ქალაქს საგრძნობლად განტვირთავს. არის ისეთი ადგილებიც, რომლებიც დიდ გზას ან სანაპიროს უერთდება - იქ ზედმეტი შუქნიშნები არ უნდა იყოს, რადგან ისინი თავისთავად ქმნის საცობებს და ტრაფიკს ამცირებს. ასეთ ადგილებში პანდუსები უნდა მოეწყოს ან შუქნიშნები გაუქმდეს და გზები ალტერნატიულად გადაგეგმოს, როგორც ეს კოსტავასა და პეკინის ქუჩების შემთხვევაშია. იქ მოძრაობა შედარებით განტვირთულია, ვიდრე სხვა უბნებში“, - აღნიშნა გიორგი შვანგირაძემ.
სპეციალისტის შეფასებით, ინფრასტრუქტურის მოწყობა დიდ ფინანსურ რესურსსა და დროს მოითხოვს. ეს ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ეტაპობრივად აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
„ეს ყველაფერი ფინანსურად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამხელა პროექტის ერთბაშად განხორციელება ადვილი არ არის, მაგრამ ყველაფერი ნაწილ-ნაწილ უნდა გაკეთდეს. ამიტომ შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც გამოიყოს სახსრები და მოეწყოს. მართალია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქალაქი განიტვირთება.
ამ ეტაპზე ჩვენი შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ქალაქის ესტაკადებით დატვირთვა, შუქნიშნების მაქსიმალურად შემცირება და გამტარუნარიანობის გაზრდა. აუცილებელია, რომ სანაპიროზე შუქნიშნები არ იყოს, სადაც ამის აუცილებლობაა, ესტაკადა უნდა მოეწყოს. ამ ყველაფრის არარსებობა მანქანების გამტარუნარიანობას ამცირებს და საცობებს ქმნის, რაც შემდგომში ჯაჭვურად გადაეცემა მთელ ქალაქს,“- განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი შვანგირაძემ.