„საჭიროა ჩვენი პორტების ტვირთბრუნვის გაზრდა, რაშიც ანაკლიის პორტი მიიჩნევა, რომ უნდა იყოს უდავოდ ლოკომოტივი“ - ასე აფასებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი ვახტანგ ჭარაია ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და მისი მოკლე ვადებში ამუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც ჭარაიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა, შუა დერეფანში საქართველოს როლის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის პროექტის დროულად და სრულად ამუშავება.

„ჩვენ გვჭირდება კომპანია, რომელიც აქ დაიწყებს მსხვილმასშტაბიან ინვესტიციებს. ასევე გვჭირდება ოპერატორი კომპანია, რომელიც ტვირთებს მოიზიდავს, გაანაწილებს“, - აღნიშნა ჭარაიამ.

მან ზოგადად, შუა დერეფანში საქართველოს მუშაობის პრინციპზეც ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა მიყვება იმ ლოკომოტივს, რომელიც შუა დერეფანში შესაბამისი ქვეყნების ვაჭრობის საჭიროებებს ემსახურება.

„საქართველო არის გამტარი ქვეყანა. სამწუხაროდ, ამ ვაჭრობაში თავად დიდად არ არის ჩართული, რომ თვითონ იყოს რკინიგზის და პორტების დამტვირთავი. ის არის გამტარი და შესაბამისად, თუ იქნება ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით, ან აზიის სხვა ქვეყნებიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით, რა თქმა უნდა, საქართველო გაატარებს რაც შეიძლება მეტ ტვირთს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მთელი რიგი სირთულეებია, მაგალითად იგივე ერთი ფანჯრის პრინციპი დღემდე ვერ ამუშავდა ამ კორიდორში. სირთულეებია იმ კუთხითაც, რომ ფასი საკმაოდ მაღალია, ვიდრე შეიძლება ჩრდილოეთის კორიდორში ყოფილიყო, ანუ, იგივე რუსეთის კორიდორში. სხვა ალტერნატივები, მაგალითად, ოკეანეების გავლით, შეიძლება დროში უფრო ხანგრძლივი იყოს, თუმცა ფინანსურად უფრო მომგებიანია. ამიტომ, ამ კუთხით სამუშაო გვაქვს. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი რკინიგზის რესურსი დღეს კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თუნდაც გაორმაგდეს ტვირთი, თუმცა საჭიროა პორტების ტვირთბრუნვის გაზრდა, რაშიც ანაკლიის პორტი მიიჩნევა ლოკომოტივად“, - განმარტა ვახტანგ ჭარაიამ.

მისივე განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის ინფრასტრუქტურა ისე ვითარდებოდა, რომ შეიძლებოდა შუა დერეფნის საჭიროება საერთოდ აღარ ყოფილიყო. ამ ომმა, რუსეთის გეგმები დააპაუზა, შესაბამისად, ახლა აქვს საქართველოს შანსი, რომ შავი ზღვის პოტენციალი გამოიყენოს და საპორტო ინფრასტრუქტურა განავითაროს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი