საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი საერთაშორისო ინვესტორებისთვის საინტერესო რჩება - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ასოციაციაში აცხადებენ.
როგორც ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ „საქმის კურსის ეთერში განაცხადა, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ არასტაბილურობასთან დაკავშირებით გასულ პერიოდში ინვესტორების მხრიდან კითხვები ისმოდა, თუმცა ნინო დევდარიანის თქმით, სექტორიდან ინვესტიციების გადინების მოლოდინი არაა.
ასოციაციაში ამბობენ, რომ სექტორს პირიქით, ახალი ინვესტორების მოზიდვის პოტენციალი აქვს, მათ შორის იმ ფონზე, რომ საქართველოს საფინანსო ბაზარზე უკვე გაჩნდა ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციები, მიკრობანკები.
“მიკროსაფინანსო სეგმენტი საკმაოდ აქტიურია საერთაშორისო დაფინანსების მოპოვების მიმართულებით, დაახლოებით 300-400 მლნ ლარის დაფინანსება აქვს მოპოვებული მიკროსაფინანსო სექტორს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან. რა თქმა უნდა, ამისი შენარჩუნება, ზრდა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
საწყის ეტაპზე, განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს იმ ინვესტორების მხრიდან, რომელთან ჩვენ წლებია უკვე ვთანამშრომლობთ, იყო გარკვეული კითხვის ნიშნები ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებასთან და მაკროეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. თუმცა ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დამატებითი კითხვები მინელდა და არ ველოდებით, რომ რომელიმე ინვესტორი გავა ჩვენი ბაზრიდან. პირიქით, ველოდებით, რომ ახალი ინვესტორების მოზიდვის საშუალება გვექნება იმ ახალი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაც სექტორს აქვს და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ასეც იქნება და წელს ჩვენ მოვახერხებთ, უფრო გაზრდილი მოცულობით მოვიზიდოთ საერთაშორისო სახსრები”, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.
წყარო: bm.ge