ჩაიშალა 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები, რომლებიც თბილისის მერიამ 20 თებერვალს გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ამ ტენდერებში წინადადებები არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.

გამოცხადებული ტენდერები შემდეგი მონაკვეთების ასფალტის საფარის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა:

  • კაკაბაძეების ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ “მერანამდე” მონაკვეთი - 2 555 446 ლარი
  • სავაჭრო ცენტრ "მერანიდან" ალ. ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთი - 2 126 797 ლარი
  • ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთი – 2 321 065 ლარი
  • ბესიკის ქუჩიდან 9 აპრილის ქუჩამდე მონაკვეთი - 2 482 117 ლარი
  • 9 აპრილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი - 2 865 489 ლარი.

კონტრაქტორს ევალებოდა ასფალტის საფარის 20 სანტიმეტრის სისქით გამოცვლა, ახალი გვერდულების მოწყობა, სანიაღვრეების მოწყობა, არსებული ჭების დემონტაჟი და ახლის მოწყობა, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია და ჰიდროიზოლაციის მოწყობა, მოაჯირების მონტაჟი, ახალი სახანძრო ჰიდრანტების დამონტაჟება.

ცნობისთვის, თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას 2025 წელს გეგმავდა, რისთვისაც ოთხი კონტრაქტი გაფორმდა 28 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა გასული წლის მარტში მერიამ ამ სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მიუთითა, რომ პროექტირება გაგრძელდებოდა და 2026 წლიდან ტენდერები თავიდან გამოცხადდებოდა.

bm.ge