მერიის მიერ 14 აგვისტოს გამოცხადებული ორი ტენდერი ჭოველიძის ქუჩიდან მეტრო „რუსთაველამდე“ ტროტუარების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ერთი შესყიდვა 3.65 მილიონი ლარის ღირებულებით „AWARD“-მა მოიგო, მეორე კი 3.854 მილიონი ლარის შეთავაზებით „ნიუკონსმა“.
ორივე ტენდერის ჯამური სავარაუდო ღირებულება 7.8 მილიონ ლარს შეადგენდა, გამარჯვებული კომპანიების მიერ შეთავაზებული საერთო ფასი კი დაახლოებით 7.5 მილიონი ლარია.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის განახლებაზე კომპანია GWP მუშაობს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის კომპანია 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, 00:00 საათზე დაიწყო. სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული კომპანია აგვისტოს დასაწყისში გამოვლინდა. შესყიდვაში მონაწილეობა მხოლოდ „სმარტ სოლუშენსმა“ მიიღო. კომპანიის შეთავაზებამ 19,772,982 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ტენდერის სავარაუდო ღირებულება 19,954,650 ლარი იყო.