ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც 2025 წლის მარტში უნდა დაეწყო მუშაობა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
„რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ამ თვეში ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა საქართველოში, ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას,“ – დაწერა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ 21 ოქტომბერს, LSEG-ის გემების მონაცემებსა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით.
რუსული ნავთობის ყულევის ნავსადგურში შემოტანა დაადასტურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმაც.
„2 ოქტომბერს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი KAYSERI, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან [უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან] გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები [ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით]. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში,“ – წერია შემოსავლების სამსახურის მიერ 21 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებამ არ დაასახელა ნავთობის გამომგზავნი და მიმღები კომპანიები და ეს „საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან“ თავის შეკავებით ახსნა.
ტვირთის კუთვნილებაზე განცხადება არ გაუვრცელებია არც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
რაც შეეხება ტვირთის შენახვის ადგილს – შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული საქონლის შენახვის ადგილების კლასიფიკატორის მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ერთადერთი საბაჟო საწყობი შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ კუთვნილ ტერიტორიაზე [ყულევის ნავთობტერმინალში] მდებარეობს.
ამ კომპანიის მფლობელია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „სოკარი“.
- რა ხდება ახლა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
ქალაქ ფოთს რომ გასცდები და მდინარე რიონს გადახვალთ, სანავიგაციო რუკა გიჩვენებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ ორი გზა მიდის – ერთი გრძელი, მეორე – მოკლე. ქარხნისკენ მიმავალი მოკლე გზის გადასახვევთან ავტობუსის გაჩერებაა, სადაც მანქანა შევაჩერეთ იმის გადასამოწმებლად, სწორად მივდიოდით თუ არა.
„ნავთობის ქარხანას ეძებთ ბიძინა ივანიშვილი რომ აშენებს? კი, სწორად მიდიხართ,“ – გვითხრა გაჩერებაზე მდგარმა უცნობმა კაცმა და ხელით გვაჩვენა მიმართულება – „ხრეშიანი გზაა, 15-20 წუთში მიხვალთ ქარხანასთან“.
გზა, რომელიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ მიდის, კოლხეთის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. სამანქანე გზა რკინიგზის ლიანდაგს გასდევს. ეს ფოთისა და ყულევის ტერმინალების დამაკავშირებელი უმოკლესი გზაა.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კოლხეთის ეროვნული პარკის შუაგულში დგას. ქარხნის ტერიტორია ჯერ სრულად შემოსაზღვრული არაა. ღიაა ის ნაწილიც, სადაც ნავთობის გადასაქაჩი მილები გადის – ქარხნიდან ყულევის ნავთობტერმინალამდე.
მილები და მის პარალელურად ახალგაყვანილი სამანქანე გზა შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ გადის ტერმინალამდე.
ტერიტორია, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას აშენებენ, „ბლექ სი პეტროლიუმის“ საკუთრებაშია, მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები და მიწა, რომელზეც მილსადენი გადის, სახელმწიფოს მიერ „ბლექ სი პეტროლიუმზე“ აღნაგობისა და სარგებლობის უფლებით 44-49 წლის ვადით არის გადაცემული.
საჯარო რეესტრის მონაცემებით კი ის ადგილი, სადაც ქარხნისთვის რკინიგზა უნდა გაიყვანონ, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებშია და „ბლექ სი პეტროლიუმზე“ „მურყანის სახეობის ხე-ტყის ჭრის ნებართვით – განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით განსაზღვრული ვადის [5 წლის] გასვლის შემდეგ – 44 წლამდე ვადითაა გადაცემული სარგებლობაში“.

„ბლექ სი პეტროლიუმის“ ტერიტორია [წითელი ფერით, სადაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აშენებენ] და „ბლექ სი პეტროლიუმზე“ აღნაგობით და სარგებლობით გადაცემული ტერიტორიები [იასამნისფერი]. მწვანე ხაზებით კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაა დაშტრიხული
- მუშაობს თუ არა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
დაიწყო თუ არა ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ფუნქციონირება მარტის თვეში, როგორც ეს დაგეგმილი იყო? – ეს იყო კითხვა, რომელიც „ბათუმელებმა“ ქარხანასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა პირს დაუსვა.
ეს და სხვა ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალურმა დირექტორმა, კითხვაზე არ გვიპასუხა არც სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და არც ერთ-ერთი მფლობელი კომპანიის დირექტორმა.
მუშაობს თუ არა ქარხანა? – ამ შეკითხვით მივმართეთ „საქართველოს განვითარების ფონდსაც“, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული. ეს სახელმწიფო ფონდი კი პროექტის თანაპარტნიორია.
„აღნიშნული [ინფორმაცია] წარმოადგენს უშუალოდ საწარმოს კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ამიტომ ამ საკითხებზე გთხოვთ, მიმართოთ უშუალოდ საწარმოს,“ – მოგვწერეს „საქართველოს განვითარების ფონდიდან“.
„საცდელი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, ოფიციალურად ჯერ არ გაუხსნიათ,“ – მხოლოდ ეს გვითხრეს ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქარხნის ტერიტორია ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებშია.
თუ ქარხანა არ მუშაობს, სად წავიდა 100 ათას ტონაზე მეტი ნედლი ნავთობი, ხოლო თუ მუშაობს, მოხდა თუ არა ამ ნავთობის გადამუშავება ქარხნის მიერ? – ეს არის კიდევ ერთი კითხვა, რომელზე პასუხიც ამ დრომდე ვერ მივიღეთ ვერცერთი პასუხისმგებელი პირისგან.
- ვის ეკუთვნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ყულევში
ყულევის ნავთობტერმინალი და ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ორი სხვადასხვა ობიექტია და ერთმანეთისაგან დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილითაა დაშორებული.
ყულევის ნავთობტერმინალი აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია „სოკარს“ ეკუთვნის, ხოლო ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ახლაც მშენებლობის ეტაპზეა, „ბლექ სი პეტროლიუმს“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი, დიზაინერ მაკა ასათიანის კომპანიაა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ბლექ სი პეტროლიუმის“ წილის 70.66%-ს ფლობს შპს „მკ კაპიტალი“, ხოლო 29.34%-ს შპს „დუნამის“.
თავის მხრივ, შპს „მკ კაპიტალის“ 70%-ის წილის მფლობელია მაკა ასათიანი, ხოლო 30%-ს ფლობს შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“.
რაც შეეხება შპს „დუნამის“, კომპანიის 100%-იან წილს დავით ფოცხვერია ფლობს, რომელიც ამავდროულად არის „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი.
„ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ ჩახნაშვილი და მაკა ასათიანის ქმარი, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენი კონსტანტინე გოგელია.
კომპანიის გენერალური დირექტორია დავით ფოცხვერია, ხოლო დირექტორი – მიხეილ ჭკუასელი.
შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ 100%-იანი წილი დაგირავებულია 50 მილიონ აშშ დოლარად.
გირავნობის ხელშეკრულება 2024 წლის 25 ივლისს დაიდო, „ბაზისბანკს“, ბანკ „ქართუს“, „ხალიკბანკს“, „საქართველოს განვითარების ფონდს“, შპს „თრეიდ სთოუნ იბერიასა“ და „ბლექ სი პეტროლიუმს“ შორის.
შპს „თრეიდ სთოუნ იბერიამ“, რომელსაც წარმოადგენდა მიხეილ ჭკუასელი და მაკა ასათიანის წარმომადგენელმა კონსტანტინე გოგელიამ, „ბლექ სი პეტროლიუმის“ 100%-იანი წილი 360 თვით, ანუ 30 წლით დააგირავეს.
ცნობისათვის, „საქართველოს განვითარების ფონდი“ სახელმწიფო საკუთრებაა. 50 მილიონ დოლარიდან ამ სახელმწიფო ფონდის წილი კი, მინიმუმ 5 მილიონი დოლარია.
დაახლოებით 1 წლის წინ საქართველოს მთავრობამ მოიწონა „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „ბლექ სი პეტროლიუმის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის შესახებ და გამოსცა განკარგულება, რომლითაც პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, განმარტებითი ბარათი კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია.
ამასთან, მთავრობის სხვა განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მხრიდან განსახორციელებელი დაფინანსების ოდენობამ გადააჭარბოს 5 მილიონ აშშ დოლარს... ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, განმარტებითი ბარათი, მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.“
- სახელმწიფოს თანადგომა „ბლექ სი პეტროლიუმს“
„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 22 ოქტომბერს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე.
ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ამავე პროექტის პრეზენტაციაზე გაავრცელეს, ითქვა, რომ მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ, „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები, ასევე პროდუქტი გავა ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე,“ – ეწერა საქართველოს მთავრობის სახელით გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის პრეზენტაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე გამართეს.
პრეზენტაციის ფოტოებზე ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრის გვერდით ზის მაკა ასათიანი, ქარხნის უმსხვილესი აქციონერი, მომდევნო რიგში, მათ გასწვრივ რუსეთში მომუშავე ბიზნესმენი კონსტანტინე გოგელია. გოგელიას გვერდით კი დავით ფოცხვერია, „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი.
ფოტომასალის მიხედვით, პრეზენტაციას ესწრებოდა კახი ჟორდანია, მაკა ასათიანის შვილი პირველი ქორწინებიდან.
კახი ჟორდანიას სახელი ქარხნის პრეზენტაციიდან ერთი წლის შემდეგ, მიმდინარე წლის ოქტომბერში, გამოჩნდა რუსული გამოცემა „პროექტის“ გამოძიებაში, რომელმაც დაწერა, რომ არსებობს კავშირები ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობას შორის.
კერძოდ, „პროექტის“ თანახმად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის, მაკა ასათიანის ვაჟი, კახი ჟორდანია, რუსეთში ერთობლივ ბიზნესს მართავს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის ვაჟთან, სერგეი ალექსეევთან ერთად.
„პროექტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაკა ასათიანის შვილი, კახი ჟორდანია ნავთობის ბიზნესში იყო ჩართული.
2016 წლიდან 2023 წლამდე ის ფლობდა რუსულ ნავთობტრეიდერ Oil Energy Group-ს, რომლის წლიური შემოსავალი იმ დროს 17,5 მილიარდ რუბლს [215,3 მლნ აშშ დოლარი] აღწევდა.
ამას გარდა, 2018 წლიდან კახი ჟორდანია ფლობს 25%-იან წილს კომპანიაში „СДО-Логистик“. ეს კომპანია ნავთობპროდუქტების საავტომობილო ტრანსპორტირებით არის დაკავებული. კომპანიის შემოსავალი 2024 წელს 838 მილიონი რუბლი [10,4 მლნ დოლარი] იყო.
„პროექტის“ თანახმად, კახი ჟორდანიას ბიზნესპარტნიორი და „СДО-Логистик“-ის ძირითადი აქციონერი [51%] არის ვინმე სერგეი ალექსეევი. როგორც „პროექტმა“ გაარკვია, აღნიშნული პირი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის [ГРУ] მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის შვილია.

„პროექტის“ ინფორმაციით, არსებობს კავშირები რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობას და ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახს შორის
- ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის ისტორია
ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წელს იყო დაგეგმილი. ნასყიდობის ხელშეკრულება 2012 წლის 26 ივნისს დაიდო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსს და შპს SOCAR Georgia Investments-ს შორის.
პროექტი არ განხორციელდა და მისი განხორციელების ვალდებულება კომპანია შპს „ფაზის ოილზე“ გადავიდა. ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამ შეასრულა.
გამოცემა BMG.ge-ს თანახმად, სახელმწიფომ კომპანია „ფაზის ოილი“, რომელსაც თავდაპირველად უნდა განეხორციელებინა პროექტი, ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა ჩამოაწერა.
საბოლოოდ, ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი 2023 წელს „ბლექ სი პეტროლიუმს“ გადაეცა, 2024 წელს კი, პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია ჩატარდა.
- ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის შეცვლილი რეგულაცია
2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა დადგენილება, რომლითაც დიზელის საწვავის იმპორტთან დაკავშირებული არსებული ნორმა შეცვალა.
კერძოდ, ამ ცვლილების შედეგად, დასაშვები გახდა დაბალი ხარისხის დიზელის შემოტანა.
„ნავთობის გადამუშავების ლიცენზიისა და წლიურად არანაკლებ 1 მილიონი ტონის გადამუშავების სიმძლავრის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის მიერ იმპორტირებული დიზელის საწვავი შესაძლებელია, არ შეესაბამებოდეს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს, თუ აღნიშნული დიზელის საწვავი გამოყენებული იქნება მხოლოდ სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში“, – წერია დადგენილებაში.
ერთადერთი ქარხანა სადაც მსგავსი მოცულობის ნავთობის გადამუშავებაა შესაძლებელი, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.
-
ინტერესთა კონფლიქტი
ლევან დავითაშვილი 2024 წლის 22 ოქტომბერს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის ამ რანგში დაესწრო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პრეზენტაციას.
დავითაშვილი თანამდებობიდან 2025 წლის 24 ივნისს გადადგა.
2025 წლის 26 სექტემბერს ლევან დავითაშვილი „ბლექ სი პეტროლიუმის“, ყულევში მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს.
ამ კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს განთავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, იყო თუ არა კანონდარღვევა ლევან დავითაშვილის იმ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა, რომელსაც მინისტრობის დროს კურირებას უწევდა.
„შეგიძლიათ მოიკითხოთ და მიიღოთ შესაბამისი ზომები, მე არ ვიცი. კანონი თუ ირღვევა, მაშინ კანონი უნდა აღსრულდეს, მაგრამ მე არ ვიცი. კანონს ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება მე არ ვიცი, გავარკვიოთ ერთად. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის კომპანიას და იმ შემთხვევაში თუ კანონია დარღვეული, კომპანიამ უნდა მიიღოს ზომები“, – ასეთი იყო ირაკლი კობახიძის პასუხი დასმულ შეკითხვაზე.
- კითხვები, რომელსაც არ პასუხობენ
„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალურ დირექტორს, დავით ფოცხვერიას. კომპანიის დოკუმენტაციაში არსებულ ტელეფონის ნომერზე მას შეტყობინებაც გავუგზავნეთ და გავაცანით საკითხი, რომელზეც გვსურდა კომენტარი. მან ჩვენს შეტყობინებაზე ამ დრომდე არ უპასუხია.
პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ არსებულ შეკითხვებზე, რომელიც ოფიციალურ მეილზე გავუგზავნეთ „ბლექ სი პეტროლიუმსაც“.
კომპანიის პასუხებს, მიღების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება კახი ჟორდანიას, ის მედიასთან არ კონტაქტობს.