ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ - არქიტექტურის სექტორის გამოწვევებსა და არქიტექტურული პროექტების კონკურსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, არქიტექტურული კონკურსების ახალი პრაქტიკა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროექტების ხარისხის ზრდას. ეს განპირობებულია იმით, რომ პროცესში ნაკლები ხარვეზი და გადაცდომა ფიქსირდება, რაც აქამდე ხშირად ხდებოდა სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი.

„სერიოზული ნაბიჯები გადავდგით არქიტექტურულ სექტორში კონკურსების გამოცხადების მიმართულებით, რაც დადებითად  იმოქმედებს შედეგის ხარისხზე“ - განაცხადა სოხაძემ.

მინისტრის შეფასებით, ეს ცვლილება აუცილებელია სექტორის გამოცოცხლება–გაძლიერებისთვის და წარმოადგენს პირდაპირ ინვესტიციას ქართული არქიტექტურული კულტურის განვითარებაში.

„საკმაოდ დიდ ინვესტიციას ვდებთ ქართული არქიტექტურის განვითარებაში. ნებისმიერი სექტორის გაძლიერება საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს ნიშნავს. რაც უფრო აქტიურად იქნებიან არქიტექტურული კომპანიები  ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, მით უფრო მალე გახდებიან ისინი საექსპორტო პოტენციალის მატარებლები.  იმედი მაქვს რომ ქართველი, უკვე გამოცდილი არქიტექტორები სხვა ქვეყნებში დააპროექტებენ ძალიან საინტერესო ობიექტებს“-აღნიშნა სოხაძემ.

სოხაძის თქმით, კონკურსების გაუმჯობესებული სტანდარტები ზრდის არქიტექტურულ შემოქმედებით პროცესს, აძლიერებს კონკურენციას და სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში ერთდროულად რთავს როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა არქიტექტორებს.

„თავდაპირველად სექტორი სკეპტიკურად იყო განწყობილი ცვლილებების მიმართ, თუმცა დღეს ჩართულობა ძალიან მაღალია. თითოეულ კონკურსში, საშუალოდ, 8–10 მონაწილეა. ხშირად, საკონკურსო კომისიასაც კი უჭირს გადაწყვეტილების მიღება, იმდენად მაღალი ხარისხის პროექტებია  წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს არის  ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც  გადავდგით ქართული არქიტექტურის განვითარებისთვის“-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.