საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებს შეხვდა.


სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების პროცესში ხარჯთაღრიცხვის ხარისხთან დაკავშირებული საკითხები, სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.


რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა ხარჯთაღმრიცხველის პროფესიის მნიშვნელობას სამშენებლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. მისი განცხადებით, სწორად მომზადებული ხარჯთაღრიცხვა პროექტის რეალისტური ღირებულების განსაზღვრის, სახელმწიფო რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და მშენებლობის პროცესში შესაძლო ფინანსური და ტექნიკური რისკების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


„სახელმწიფოს პოზიცია მკაფიოა — მზად ვართ, ხარისხიან პროდუქტში გადავიხადოთ რეალური, საბაზრო ღირებულება, თუმცა შესაბამის ფასად აუცილებლად უნდა მივიღოთ შესაბამისი ხარისხი. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროექტების სწორად და კვალიფიციურად მომზადებას, მათ შორის ხარჯთაღრიცხვის ხარისხს. გვაქვს შემთხვევები, როდესაც პროექტის გადამოწმების შედეგად მისი ღირებულება მნიშვნელოვნად იცვლება. მიუღებელია როგორც ხელოვნურად გაზრდილი, ისე არარეალურად შემცირებული ფასი. ჩვენი მიზანია, ხარჯთაღრიცხვა ეფუძნებოდეს მოქმედ ნორმებს, რეალურ საბაზრო ფასებსა და პროფესიულ, ობიექტურ შეფასებას”, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.


მინისტრის თქმით, ხარჯთაღრიცხვა სამშენებლო პროექტის მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მის ხარისხზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რამდენად სწორად განისაზღვრება პროექტის ღირებულება, რამდენად ეფექტიანად წარიმართება შესყიდვისა და შემდგომ უკვე მშენებლობის პროცესი. პრაქტიკაში სამინისტრო აწყდება გამოწვევებს, რომლებიც სწორედ პროექტის მომზადებისა და ხარჯთაღრიცხვის ეტაპზე იწყება და მოგვიანებით შეიძლება აისახოს სამუშაოების მიმდინარეობაზე, ვადებსა და ღირებულებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს მიზანია ამ მიმართულებით არსებული საკითხების პროფესიულ წრეებთან ერთად განხილვა და სისტემური მუშაობა. 


შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ხარჯთაღრიცხვის მომზადების არსებული პრაქტიკის, პროფესიული კვალიფიკაციის, ერთიანი მიდგომებისა და მეთოდოლოგიის განვითარების, ასევე სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისა და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე.


შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. ხარჯთაღმრიცხველებმა მინისტრს გაუზიარეს პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და მოსაზრებები იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესებას.


ინფრასტრუქტურის სამინისტრო სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით გააგრძელებს მუშაობას სამშენებლო პროექტების მომზადების ხარისხის, ხარჯთაღრიცხვის პრაქტიკისა და შესაბამისი პროფესიული შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს