გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე, ნეკრესის, დაისის, ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე გზის საფარის  მოწესრიგებას უახლოეს დღეებში დაიწყებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„მუხიანის აგარაკებზე უმძიმესი მდგომარეობა იყო. სიტუაცია გაუსაძლისი იყო იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი კომუნიკაცია და გზა არ არსებობდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი ვერ ახერხებდა გადაადგილებას. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მუხიანის აგარაკების მოწესრიგება. პირველ რიგში, ცენტრალური მაგისტრალების მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტი განხორციელდა, რადგან ამის გარეშე აღნიშნულ დასახლებაში გზის საფარის მოწესრიგება შეუძლებელი იქნებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გლდანის რაიონის გამგეობა უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაიწყებს. მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარე წელს, გლდანის გამგეობა აღნიშნულ დასახლებაში ბორჯომისა და შოვის ქუჩებს მოაწესრიგებს, რაჭის ქუჩაზე კი წყალარინების ქსელს მოაწყობს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს