„მნიშვნელოვანია ხიდების დამატება მტკვარზე, მტკვარი გვაძლევს ამის საშუალებას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ საცობების პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ხიდების დამატება, რათა აქტიურად მოხდეს გადასვლა სანაპიროებზე და სხვადასხვა ქუჩების ერთმანეთთან დაკავშირება.

„მნიშვნელოვანია ხიდების დამატება მტკვარზე, მტკვარი გვაძლევს ამის საშუალებას. იყო სხვადასხვა პროექტი იმასთან დაკავშირებით, რომ ხიდები უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ არც ერთი ახალი ხიდი არ არის აშენებული მტკვარზე. ქალაქი ბუნებრივად არის ისე განაშენიანებული, რომ მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები ერთმანეთთან უნდა დაკავშირდეს და ამისთვის სულ რამდენიმე ხიდი გვაქვს. აუცილებელია ხიდების დამატება, რათა აქტიურად მოხდეს გადასვლა სხვადასხვა ქუჩაზე. გარდა ამისა, აუცილებელია შემოვლითი ქუჩების გაკეთება თბილისში, რომ ის, ვინც აღმოსავლეთიდან დასავლეთში და პირიქით გადაადგილდება, არ შემოვიდეს ქალაქში და ეს ავტომობილები არ დაემატოს ქალაქს“, - აღნიშნავს გიორგი ჯაფარიძე.

მისივე თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში საცობების გადაჭრას ხელს შეუწყობს ჭკვიანი შუქნიშნები.

„მოკლე ვადაში ყველაზე ოპტიმალური არის ჭკვიანი შუქნიშნები, რაც უნდა გაკეთებულიყო ჩვენს დედაქალაქში. ჭკვიანი შუქნიშნის არსი არის ის, რომ ავტომატურად იმ დერეფანს უშვებს, სადაც მეტი ავტომობილია და საცობია, ამით ამცირებს საცობების რაოდენობას. საჭირო ახალი მეტროსადგურის აშენება, არსებული სადგურების რეაბილიტაცია და ამოსასვლელების დამატება, მნიშვნელოვანია მტკვარზე ხიდების აშენებაც, მაგრამ ეს პროექტები მალე ვერ განხორციელდება, მაგრამ თუ არ დავიწყეთ დღეს, 5 წლის შემდეგ იმავეზე მოგვიწევს საუბარი, სიტუაცია კი კიდევ უფრო გაუარესდება, იმიტომ რომ, რასაც ვხედავთ დედაქალაქში, გვაქვს ქაოტური განაშენიანება, ცენტრში ხდება ეს განაშენიანება და საცობების კუთხით რამდენიმე წელში უარესი სიტუაცია გვექნება. თუ არაფერი გამოსწორდა და მარტო დაპირებებით გავაგრძელეთ, რამდენიმე წლის შემდეგ უფრო გაუარესებული მდგომარეობა გვექნება საცობების მხრივ“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ გიორგი ჯაფარიძემ.