საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან ერთად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს აკავშირებს და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მიმართულებაა. გზა ასევე უზრუნველყოფს კავშირს საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით. ამჟამად გზის რამდენიმე მონაკვეთზე სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, დამატებით ორ მონაკვეთზე კი სამუშაოების დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

აქტიურად მიმდინარეობს გზის 9 კილომეტრიანი (კმ9+700–კმ18+100) მონაკვეთის პერიოდული შეკეთება. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე არხების, გზასთან მიერთებებისა და შესასვლელების, გარე განათებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას, ასევე გზის ჰორიზონტალურ მონიშვნას. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 6 მილიონი ლარია.

პარალელურად, მიმდინარეობს ხაშური–ახალციხე–ვალეს გზის 6.5 კმ-იანი (კმ0+000–კმ6+560) მონაკვეთის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. მდინარე სურამულაზე აშენდება ახალი ხიდი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, გზასთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. ასევე დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. პროექტის ღირებულება 9.2 მილიონ ლარზე მეტია.

უახლოეს პერიოდში სამუშაოები დაიწყება გზის კიდევ ორ მონაკვეთზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2.2 კმ-იან მონაკვეთს (კმ60+940–კმ63+126), რომლის ღირებულება 6.9 მილიონი ლარია. პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაიწყება დაახლოებით 3 კილომეტრიან (კმ56+600–კმ60+200) მონაკვეთზეც.

ხაშური–ახალციხე–ვალეს გზის რამდენიმე მონაკვეთის განახლება გააუმჯობესებს შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს შორის გადაადგილების პირობებსა და საგზაო უსაფრთხოებას, ასევე ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ ობიექტებთან სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს