„სადაც გზა გაფუჭებულია, ან ფეხით უნდა გააგრძელო გზა, ან ადგილობრივი ჯიპებით. გვქონია შემთხვევა, როდესაც გზის ჩამოშლის გამო, ვეღარ გაგვიგრძელებია ტური“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ფენომენალური ტურების“ დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე საუბრობს.
ტურ-ოპერატორი, ტურისტულ ადგილებამდე გზების გაუმართაობასთან ერთად, პრობლემად საპირფარეშოების საკითხსაც ასახელებს.
მისი თქმით, გარკვეულ მარშრუტებზე სველი წერტილების არარსებობა, ბევრი ადამიანის მხრიდან, ტურზე უარის თქმის მიზეზიც კი გამხდარა.
„ალბათ, პირველ რიგში გზების კუთხით გვაქვს პრობლემები. ერთ დღიან ტურებში მაგალითად, თრუსოს ხეობაში ბოლო 5 კილომეტრი ძალიან გაფუჭებულია, მიკროავტობუსებით დავდივართ, რომელსაც უჭირს გადადგილება. სანამ საფეხმავლო ბილიკები დაიწყება, მანამდე მონაკვეთს ვგულისხმობ, სადაც ტრანსპორტს უწევს მოძრაობა.
გარდა ამისა, ჯუთაშიც გზა სულ პრობლემურია, გარკვეული მონაკვეთია, სადაც მიწა იშლება. 2-3 თვეში ერთხელ გზა სულ ჩამოშლილია და მიდის მერე ახლიდან აღდგენა. სვანეთშიც, არის მონაკვეთი, სადაც ასევე ძალიან გაფუჭებულია გზა და ჩასვლის მხრივ ალბათ, 1 საათს გაკარგვინებს. თუშეთშიც, ალბათ იცით, აბანოს უღელტეხილი მთლიანად გრუნტიანია და ძალიან დიდი დრო სჭირდება იქ ასვლას. მხოლოდ ბილიკებით არის შესაძლებელი მისვლა, 7-კაციანი ჯიპებით.
სადაც გზა ასე გაფუჭებულია, ან ფეხით უნდა გაგრძელო გზა, ან ადგილობრივი ჯიპებით. გვქონია შემთხვევა, როდესაც გზის ჩამოშლის გამო, ვეღარ გაგვიგრძელებია ტური.
გარდა ამისა, პრობლემებია, სველი წერტილების კუთხითაც. ერთდღიან ტურებს სადაც ვაწყობთ, ჯუთა, თრუსოს ხეობა, აბუდელაური, სველ წერტილები არ არის, არადა ყოველკვირა უამრავი ხალხი ჩადის. წარმოიდგინეთ, მდელოებია, მიდიხარ და არსად სველი წერტილი არ გხვდება. ჯუთაშიც მხოლოდ ერთგან - დასაწყისშია, მერე მიდიხარ არსად არ არის და რომ ახვალ სასტუმროს უნდა სთხოვო შეგიშვან.
მოკლედ, ეს საკითხი დიდი დისკომფორტია ქვეყანაში. სანამ ტურზე ჩაეწერებიან, ხშირად გვეკითხებიან, რამდენი კილომეტრის გავლა გვიწევს და სველი წერტილები თუ არისო. როდესაც ვითარებას ვუხსნით, ბევრს მაგის გამო გადაუფიქრებია წამოსვლა. ზოგს ჯანმრთელობის კუთხით გარკვეული პრობლემები აქვს და არანაირად არ უღირს წამოსვლა“, - ამბობს გიორგი ნათენაძე.