მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ენერგოობიექტების მიერ გადახდილი ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღებას რამდენიმე მიმართულებით დადებითი ეფექტი ექნება.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ BMG-ს განუცხადა, მოსალოდნელია, რომ ერთი მხრივ, ინვესტორებისთვის გამარტივდება ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ასევე ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას.
“კანონპროექტი პარლამენტში საგაზაფხულზე სესიაზე უნდა გავიდეს. ჯერ გრძელი გზა აქვს გასავლელი. ეს ქვაკუთხედია არა მხოლოდ ენერგეტიკისთვის, არამედ რეგიონების განვითარებისთვის. რეგიონები გვეცლება. მაღალმთიან რეგიონში კოსმოსური შატლების ქარხანას არავინ ააშენებს, ჰიდროენერგეტიკამ კი უნდა შეიტანოს იქ სინათლე და დაასაქმოს ხალხი. [ენერგოობიექტების] მიერ გადახდილი ქონების გადასახადი ისევ იმ თემს მოხმარდება, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.
ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გამარტივდება და პროექტები უფრო მარტივად შევა ექსპლუატაციაში. ქონების გადასახადი, რასაც ჩვენ ვიხდით, საკმაოდ სოლიდური თანხებია. ამ თანხების აკუმულირება თემებში ძალიან წაადგება სოფლის განვითარებას, სკოლებს, განათლებას, აგროკულტურას, ჯანდაცვასა და სპორტს”, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
ცნობისთვის, ენერგოობიექტების მიერ გადახდილი ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე შევა. შესაბამისი კანონპროექტი განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა და მისი მიზანია, უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის პირდაპირი, სამართლიანი და ეფექტიანი გამოყენება განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელების არეალში მოქცეული დასახლების/დასახლებების მიერ.
GREDA-ს უკვე რამდენიმე წელია მომზადებული აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას, სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება.