საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, ხშირად გვესმის - „K2 კოეფიციენტი“ - თითქოს ტექნიკური, მოწყვლადი ცნება, რომელიც ყოველი პროექტის, შენობისა თუ მიწის განვითარების გეგმაზე დიდი გავლენას ახდენს. სინამდვილეში, ეს კოეფიციენტი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და კრიტიკული ინსტრუმენტია დედაქალაქის ურბანულ განვითარების პოლიტიკაში.
რა არის K2 კოეფიციენტი?
„K2“ - განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი - განსაზღვრავს, რამდენი საცხოვრებელი/კომერციული ფართობის აშენებაა დაშვებული კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. პრინციპი მარტივია: ნაკვეთზე მოცემული K2-ის საშუალებით გაანგარიშებულია მაქსიმალური სამშენებლო ფართობი, რომლის რეალიზებაც შეიძლება წესი მიხედვით. ეს ფორმულაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საცხოვრებელი კორპუსების სართულების რაოდენობას და ქალაქის პანორამას.
K2-ის მომატების პრაქტიკა
კოეფიციენტის ზრდის საშუალება მანკიერი პრაქტიკით გამოიყენებოდა წარსულში: კომპანიები სამშენებლო ფართს ყიდულობდნენ K2-ის „უფლებით“, რაც მათ საშუალებას აძლევდა არსებული ურბანული გეგმების ზღვარზე გაცილებით დიდი ნაგებობა აეშენებინათ.
2019 წლის გადაწყვეტილებით, K2-ის გაზრდა თბილისში აკრძალულია, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შესაბამისი საკანონმდებლო ან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე პროცესი ინდივიდუალურად ან უკვე არსებულ ნებართვებზე დაყრდნობით განიხილება.
ასეთი "გამონაკლისები" და "გარკვეული შემთხვევები" პრაქტიკაში საკმაოდ ბევრია.
არქიტექტორ ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით, განაშენიანების ინტენსივობის ხელოვნურად მომატება არა მხოლოდ ქალაქგეგმარებით პრინციპებს ეწინააღმდეგება, არამედ პირდაპირ უგულებელყოფს სეისმურ, გეოგრაფიულ და დემოგრაფიულ გათვლებს.
,,რაც ეს კოეფიციენტები შემოვიდა, მას შემდეგ ვლაპარაკობ, რომ K2 კოეფიციენტის მომატება არ შეიძლება. საერთოდ, ეს კოეფიციენტები იმ პერიოდში შემოვიდა, როცა დედაქალაქში ძველი გენგეგმა იყო. ეს გენგეგმა საბჭოთა პერიოდში შემუშავდა და გეგმურ ეკონომიკაზე იყო გათვლილი, ანუ მასში მიწის ღირებულება გათვალისწინებული არ ყოფილა. ახალი გენგეგმის შემუშავების პერიოდში იყო შემოღებული კოეფიციენტები, ოღონდ ის სამწუხაროდ, კონკრეტული ობიექტების დამპროექტებლად კი არა, ტერიტორიებს გასათვალისწინებით იყო შემუშავებული.
ყველგან და ყოველთვის ვამბობ, რომ კოეფიციენტის მომატება იგივეა, ადამიანს რომ კუჭის წყული ჰქონდეს და კომისია შეიკრიბოს, რომელიც ფულის სანაცვლოდ იტყვის, ამ კაცს არაფერი სჭირსო.
K2-ში გათვალისწინებულია სეისმური მდგომარეობა, გეოგრაფიული სარტყელი, ტემპერატურული ციკლი და კიდევ ბევრი რაღაც, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს სიმაღლეს კი არა, სიმჭიდროვეს, ერთ ჰექტარზე რამდენი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს",- აღნიშნა არქიტექტორმა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ასე რომ, K2-ის თემა დიდი ხანია, ტექნიკურ პარამეტრს სცდება და ქალაქგეგმარების პოლიტიკის ნაწილად ყალიბდება. რამდენად სწორად განისაზღვრება მისი გამოყენება და ცვლილება, ამას დრო და შემდგომი პრაქტიკა აჩვენებს, თუმცა ფაქტია, რომ საკითხი პროფესიულ და საჯარო სივრცეში კვლავ აქტიურ განხილვას საჭიროებს.
ოფიციალური განცხადება, რომელიც ამ თემაზე ბოლოს მოვისმინეთ, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ლევან დავითაშვილს ეკუთვნის. 2024 წელს დავითაშვილმა პირობა დადო, რომ საქართველოს ერთიანი სივრცითი განვითარების კონცეფციაზე მუშაობა წელიწად-ნახევარში დასრულდებოდა, იქამდე კი , "ერთ-ორ წელიწადში" მნიშვნელოვან ადგილებზე უკვე გენგეგმა უკვე მზად იქნებოდა.
"კომერსანტი" გადაამოწმებს, რა ეტაპზეა საქართველოს ერთიანი სივრცითი განვითარების კონცეფცია და მასალა განახლდება.