საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი გიორგობიანის ინფორმაციით, ფასების ინდექსაციის მექანიზმი ხუთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებზე გავრცელდება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს თემა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი იყო, რომელსაც მთავრობა ამზადებს.

ინდექსაცია არის გადასახდელი თანხის ავტომატური კორექტირება ინფლაციის ტემპის ან სხვა მაჩვენებლის მიხედვით და არაერთი წელია, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიები ფასების ინდექსაციის ამოქმედებას ითხოვენ.

ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, ინდექსაცია, რომელიც ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილი კრიზისისა და რეგიონული გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა, როგორც - მიმდინარე, ისე ახალ პროექტებს შეეხებათ.

კერძო სექტორის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს მომავალ თვეში წარედგინება და მისი ამოქმედების შემდეგ, 12 თვეზე მეტი ვადის მქონე ყველა გრძელვადიან კონტრაქტში ინდექსაციის მექანიზმი ავტომატურად ჩაიდება.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ფასების ინდექსაციის ერთხელ და სამუდამოდ ინსტიტუციონალიზაცია მოხდება.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - მსგავსი მოთხოვნა ბიზნესს პანდემიის პერიოდშიც ჰქონდა, ირაკლი გიორგობიანმა აღნიშნა, რომ მაშინდელი გადაწყვეტილება დროებითი ხასიათის იყო.

„[პანდემიის დროს მიღებული გადაწყვეტილება] ერთჯერადი იყო, რაც პანდემიის შოკით იყო გამოწვეული და შემდგომში ის სხვა ტენდერებსა და კონტრაქტებში აღარ გამოუყენებიათ. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ცვლილება ერთხელ და სამუდამოდ დააკანონებს ინდექსაციას. მსგავსი გლობალური თუ შიდაკრიზისული მოვლენების დროს, აღარ გახდება საჭირო მთავრობის ცალკეული დადგენილებების ან სხვა სპეციალური ღონისძიებების მიღება - ინდექსი პირდაპირ დააჰეჯირებს რისკებს და ეს მარტივად აისახება საკონტრაქტო ურთიერთობებში“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - მოუწევს თუ არა სახელმწიფოს დამატებითი ფინანსური ბალიშის შექმნა გლობალურად მზარდი ინფლაციის ფონზე, ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ცვლილება ფისკალური ტვირთი არ იქნება, ვინაიდან ის რისკებს აზღვევს.

"როდესაც ინფლაციური ფასების აქსელერაციის რისკი დაზღვეულია კონტრაქტში, ეს თავის მხრივ, სახელმწიფოს იმ კუთხით აძლევს ბენეფიტს, რომ ტენდერის დროს, ბიდერი, ამ შემთხვევაში, ითვალისწინებს, რომ ფასების აქსელერაციის რისკი დაზღვეულია; აქედან გამომდინარე, უფრო აგრესიული არის ფასწარმოქმნაში და უკეთეს ფასს სთავაზობს სახელმწიფოს; როდესაც მსგავსი რისკი არ არის, შესაბამისად, ის იძულებულია, ასახოს ფასში, ასე რომ, ვფიქრობ, [ინდექსაციის მექანიზმს] სახელმწიფოსთვის არსებითი, მნიშვნელოვანი ფისკალური ზეგავლენა არ ექნება“, - განმარტა მან.

ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივის სამუშაო ვერსია ასოციაციამ გუშინ მიიღო.

bm.ge