საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრო მხარდაჭერას გამოხატავს მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების აშენებასთან დაკავშირებით. როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, პრიორიტეტია ხუდონჰესის მშენებლობა, თუმცა უცნობია რა ფორმით განხორციელდება პროექტი.

ცნობისთვის, "ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან (GREDA) მიმდინარე კვირას გამართულ შეხვედრაზე ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა.

იმ ფონზე, რომ GREDA აქტიურად საუბრობს მსხვილი ჰიდრო პროექტების განხორციელების საჭიროებაზე, BM.GE დაინტერესდა, რა კომუნიკაცია შედგა ამ მიმართულებით.

"მხარდაჭერას გამოხატავს სამინისტრო ხუდონი, ნამახვანი, ნენსკრა უნდა აშენდეს - არის ასეთი დამოკიდებულება და პირველ ეტაპზე განიხილავენ ხუდონს. არ ვიცით, ინვესტორი იქნება, სახელმწიფო თუ კოლაბორაციაში განხორციელდება, მაგრამ პრიორიტეტი ნამდვილად არის ხუდონი",- განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისივე თქმით, ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის განაწილებასთან დაკავშირებული კანონი მათ შორის ამ პროექტის განვითარებასაც დაეხმარება.

"ამ კანონპროექტის მიღებითაც, რა თქმა უნდა, დავეხმარებით ხუდონის მშენებლობასაც, იმიტომ რომ მოსახლეობას სჭირდება იქაც წამახალისებელი მექანიზმი",- აღნიშნავს მაია მელიქიძე.

არსებული მდგომარეობით, ნამახვანის, ხუდონჰესისა და ნენსკრაჰესის საინვესტიციო მოცულობა 800 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

ხუდონის 702 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დროს, პროექტზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები იყო ჩატარებული. 2011 წელს ჰესის განვითარებისთვის სახელმწიფოსა და ინდურ კომპანია “ტრანს ელექტრიკას” შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა და ინვესტორს ჰესის აშენებისთვის გარანტირებული სიმძლავრის ტარიფიც მიენიჭა, თუმცა “ტრანს ელექტრიკას” პროექტის ფაქტობრივი განხორციელება არ დაუწყია, ხოლო შემდგომში - 2021 წელს მთავრობამ განაცხადა, რომ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება შეწყდებოდა. 2023 წელს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პროექტის პარამეტრები შეიცვალა, რაზეც გერმანულმა საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიამ იმუშავა და განახლებული პროექტის მხრიდან დასახლებულ თემზე გავლენა მნიშვნელოვნად უფრო მცირე იქნებოდა, ვიდრე ამას თავდაპირველი პროექტი გამოიწვევდა. თუმცა მას შემდეგ პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა.

რაც შეეხება 280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრაჰესს, მისი მშენებლობა 2014 წელს, მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. პროექტის ინვესტორია კორეის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია K-water-ი, რომელიც პროექტის 90%-ს ფლობს, 10%-ის მფლობელი კი საპარტნიორო ფონდი (ამჟამად საქართველოს განვითარების ფონდი). ნენსკრაჰესის დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კრედიტით იგეგმებოდა, თუმცა ამ პროექტზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სასესხო ხელშეკრულებების დამტკიცება საბოლოოდ არ მოხდა, რაც მისი გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ასევე პრობლემას წარმოადგენდა პროექტის წინააღმდეგ არსებული პროტესტიც.

433-მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის კასკადის შემთხვევაში კი, ხუდონჰესისა და ნამახვანჰესისგან განსხვავებით, ინვესტორი, კომპანია ENKA Renewables-ი პროექტის განხორციელებით და აქტიური წინამოსამზადებელი სამუშაოებით იყო დაკავებული, თუმცა პროექტთან დაკავშირებით შექმნილი პროტესტის გათვალისწინებით 2021 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით, წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა. კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა, რომელშიც 2024 წლის დეკემბერში გაიმარჯვა და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 383 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. მთავრობამ ეს განაჩენი გაასაჩივრა. პარიზის სააპელაციო სასამართლოს განჩინების თანახმად, რომელიც 2025 წლის 9 დეკემბრით არის დათარიღებული, სანამ საბოლოოდ არ დასრულდება საქართველოს მთავრობის მიერ თურქულ კომპანია ENKA-ს წინაშე წაგებულ საარბიტრაჟო საქმეზე განხილვა და არ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, არ მოხდება ENKA-ს სასარგებლოდ ICC-ის არბიტრაჟის განაჩენის შესაბამისად, დაკისრებული კომპენსაციის და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებლივი აღსრულება.

წყარო: bm.ge