საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგებს კიდევ ერთი წარმატებული კომპანია „ვანილა ივენთი“ შეუერთდა.

 

„ვანილა ივენთი“ 2006 წელს დაარსდა და მას შემდეგ 20-წლიანი გამოცდილება დააგროვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და გამორჩეულ ივენთ კომპანიად აქცევს. აღსანიშნავია, რომ „ვანილა ივენთი“ მსოფლიოს საუკეთესო ასეულშია უმსხვილესი ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით. კომპანია ფლობს სტრატეგიულ ლოკაციებს და ოპერირებს ისეთ გლობალურ ქალაქებში, როგორიცაა დუბაი, რომი და სამხრეთ საფრანგეთი.

 

კომპანია მომხმარებელს ღონისძიებების ინდუსტრიაში სრულ სერვისს სთავაზობს. იგი უზრუნველყოფს ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინაციას. ქმნის შემოქმედებით კონცეფციას და მართავს პროექტს სრულად. აღსანიშნავია, რომ MICE ტურიზმის მიმართულებით კომპანია აწყობს ბიზნეს ტურებს, საერთაშორისო გამოფენებს, კონფერენციებსა და ფორუმებს. ორგანიზებას უწევს ექსკლუზიურ ღონისძიებებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახორციელებს საერთაშორისო მასშტაბის პროექტებს პრემიუმ ლოკაციებზე.

 

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ისეთი მაღალი რეპუტაციისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია შეუერთდა, როგორიცაა „ვანილა ივენთი“. მათი 20-წლიანი საქმიანობა და ის ფაქტი, რომ კომპანია მსოფლიოს საუკეთესო ასეულშია წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ბიზნესის პოტენციალს გლობალურ ბაზარზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომსახურების სფეროსა და ბიზნესგარემოს შემდგომ განვითარებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.