სახელმწიფოს მხრიდან განათლებაში მწირი რესურსების ერთ სივრცეში კონცენტრირება აბსოლუტურად ლოგიკურია - ამის შესახებ BMG-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს და დაანონსებულ უმაღლესი განათლების რეფორმას დადებითად აფასებს.

როგორც გიორგი ქობულია აღნიშნავს, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მწირი რესურსები რამდენიმე სხვადასხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელზე გაფანტოს. მისი თქმით, ხარისხის ასამაღლებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება.

“განათლების რეფორმის დეტალები არ ვიცი, და რა თქმა უნდა, ტექნიკურ შესრულებაში ბევრი ნიუანსია. ვგულისხმობ, რომელი საგნები სად გადაიტანონ და სად ამოიღონ - ამ დისკუსიაში მე ვერ შევალ, შეიძლება ბევრი რაღაც გასასწორებელია, მაგრამ განათლების რეფორმის ის ლოგიკა, რომელიც მე მოვისმინე დებატებში, მე მგონი მართებულია. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი მწირი რესურსების - ეს არის როგორც ფინანსური რესურსები, აგრეთვე კვალიფიცირებული ლექტორების, პედაგოგების… ამ და სხვა რესურსის მაქსიმალურად კონცენტრირება, რომ ავამაღლოთ ჩვენი განათლების ხარისხი. ამ მიდგომას მე აბსოლუტურად ვეთანხმები,“ - აცხადებს გიორგი ქობულია BMG-სთან.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ერთი და იგივე პროფილის ფაკულტეტების სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობა არაეფექტურია. მისი ხედვით, კონკრეტული მიმართულებების ერთ სივრცეში გაერთიანება და იქ საუკეთესო პროფესურის მოზიდვა ბევრად უფრო დიდ შედეგს მოიტანს.

„ჯობს კონცენტრაცია მოხდეს არა ოთხ უნივერსიტეტში, არამედ ერთში, სადაც ჩვენ მოვიწვევთ ყველაზე კვალიფიციურ პედაგოგებს, ლექტორებს და აგრეთვე, სადაც ჩვენს ფინანსურ რესურსებს ერთ ადგილზე თავს მოვუყრით. ეს, ჩემი აზრით, ძალიან ლოგიკურია. ასეთი პრაქტიკაა უცხოეთშიც და კარგი შედეგი აქვს. ტექნიკურად, როგორ უნდა შესრულდეს, ამაზე არ ვიდავებ, მაგრამ მთლიანობაში მე მივესალმები ამ რეფორმის კონცეფციას,“ - აღნიშნა მან.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ფაკულტეტების გადანაწილება და უნივერსიტეტების სტრუქტურის განსაზღვრა სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირ ჩარევას, გიორგი ქობულია განმარტავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ სასწავლებლებზე, მთავრობას სრული ლეგიტიმაცია და ვალდებულებაც კი აქვს, მსგავსი რეფორმები გაატაროს.

„ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა, იმიტომ რომ ეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს. თითო უნივერსიტეტს თავისი მმართველობა ჰყავს, გასაგებია, ისინი თავის უნივერსიტეტში საზღვრავენ [პროცესებს], მაგრამ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტზე და ამასთან დაკავშირებულ რეფორმაზე, რა თქმა უნდა, სათავეში დგას სახელმწიფო. ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ კერძო უნივერსიტეტებზე? კერძო ნაწილში მსგავსი რამ მიუღებელია, რა თქმა უნდა. მაგრამ სახელმწიფოში, რასაც აფინანსებს სახელმწიფო, ვალდებულებაც არის ასეთი რეფორმის გატარება,“ - ამბობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.

bm.ge