დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სანქციების პაკეტი გამოაცხადა, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
„დიდმა ბრიტანეთმა ისტორიული მნიშვნელობის სანქციების პაკეტი გამოაცხადა, რაც ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს და კრემლის მიერ უკანონო ომის წარმოების უნარს მნიშვნელოვნად ამცირებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ 300-მდე ახალი სანქცია დააწესა, რაც ენერგეტიკულ შემოსავლებზე, ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებსა და სამხედრო აღჭურვილობის მიმწოდებლებზე შეზღუდვებს ითვალისწინებს.
„ჩვენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და ევროპულ უსაფრთხოებას დავიცავთ. უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივეტ კუპერი.
დღევანდელი სანქციების ფარგლებში შეზღუდვები ვრცელდება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსადენების კომპანიის, „ტრანსნეფტის“ წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტის გადაზიდვაზეა პასუხისმგებელი.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსული ნავთობით უკანონოდ მოვაჭრეების ქსელს, კერძოდ, ნავთობის ქსელის „2Rivers“-ის 175 კომპანიას, რომელიც მსოფლიოში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ერთ-ერთი უდიდესი ოპერატორია. ასევე, სანქციები გავრცელდება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 48 ნავთობტანკერზე.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის სანქციები მოიცავს: 49 ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალებს მხარს უჭერენ; სამოქალაქო ბირთვული ენერგიის 3 კომპანიას და 2 ფიზიკურ პირს, რომლებიც საზღვარგარეთ რუსული ბირთვული ობიექტებისთვის კონტრაქტების მოპოვებას ცდილობენ; რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ინდუსტრიის 6 ობიექტს, რომლებიც თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტზე არიან პასუხისმგებელი; 9 რუსულ ბანკს, რომლებიც საზღვარგარეთ გადახდებს ამუშავებენ და კრემლს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომაში ეხმარებიან.