საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და კახაბერ აბულაძესთან ერთად გაეცნო. 

„კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი დავასრულეთ დიდ დიღომში. ეს იყო ჩვენი დაპირება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქაურობა მძიმე მდგომარეობაში იყო. გარდა ამისა, კერძო საკუთრებას წარმოადგენდა მიმდებარედ არსებული 4 000 კვ.მ ფართობის ტერიტორია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებისთვის უნდა გამოყენებულიყო. თუმცა, ურთიერთმოლაპარაკების შედეგად, მუნიციპალიტეტს გადმოეცემა. შესაბამისად, აღნიშნულ რეკრეაციულ სივრცეს ეს ტერიტორიაც დაემატება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე კახა კალაძესთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, 12 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო - გასართობი ზონები, ატრაქციონები შშმ პირთათვის, განათებისა და სარწყავი ქსელები. განახლდა სატრენაჟორო სივრცეც. ტერიტორიაზე შენარჩუნდა არსებული გამწვანება და დაემატა 1 000-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნებიც რეაბილიტირდა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს