გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას სენტ-ეგზიუპერის სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლის IX კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„ახალგაზრდებმა ლაბორატორიის სურსათის კვლევისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტები დაათვალიერეს და მათ  ლაბორატორიების ფუნქციებსა და სამუშაო პროცესს გაეცნენ.

ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების კვლევის პროცესი, თესლის აღმოცენებისა და ზრდა-განვითარების შეფასების მეთოდები, მავნე მწერებისა და ტკიპების დიაგნოსტიკა, ასევე დნმ-ის კვლევის ეტაპები. გარდა ამისა, მოსწავლეებმა გაიარეს ბიოუსაფრთხოების წესებთან დაკავშირებული ტრენინგი, სადაც ლაბორატორიულ გარემოში მუშაობის ძირითადი პრინციპები და უსაფრთხოების სტანდარტები შეისწავლეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია რეგულარულად მართავს საგანმანათლებლო ტიპის შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლაბორატორიული და სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის გაზრდას, ასევე, აგრარული მიმართულებების პოპულარიზაციას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.