გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“ (BBSEA) ფარგლებში განხორციელებული კვლევის „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ მეორე ნაწილის განხილვა გაიმართა. შეხვედრა შავი ზღვის გარემოსდაცვით გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებს მიეძღვნა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პლასტმასით დაბინძურებას, რომელიც შავი ზღვის ეკოსისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ დასახელდება.
„დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი კვლევა არის გასულ წელს ჩატარებული სამუშაოს გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იყო რიონის მდინარე აუზისა და მისი შენაკადების დაბინძურება. დამატებითი კვლევები ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით 13 ლოკაციაზე და შედეგებმა აჩვენა, რომ პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მაღალია. განსაკუთრებით დიდი წილი მოდის პლასტმასის ბოთლებსა და მათ ფრაგმენტებზე, ასევე ერთჯერად პლასტიკურ პარკებზე. ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მიმართულებით გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობას და გვაძლევს დამატებით არგუმენტებს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ინაურმა.
მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი სპეციალისტის, კლაუს სატლერის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა პლასტმასის დაბინძურების წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მიმართულებით. მისი შეფასებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და მისი გამოცდილება შეიძლება მაგალითი გახდეს რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვის.
„ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ, რათა უკეთ გაგვეაზრებინა პლასტმასით დაბინძურების მასშტაბი და ხელი შეგვეწყო ცირკულარული მიდგომების დანერგვაში. სამინისტრომ გადადგა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნაბიჯები, რომლებიც პასუხობს გამოვლენილ საჭიროებებს და არეგულირებს გარკვეული ტიპის პლასტიკის გამოყენებას. გლობალური გამოცდილება აჩვენებს, რომ ძლიერი სამართლებრივი ჩარჩო გადამწყვეტია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობისთვის. საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს და რეგიონში ერთ-ერთ მოწინავედ ყალიბდება. მისი გამოცდილება შეიძლება მაგალითი გახდეს სხვა ქვეყნებისთვისაც“, - აღნიშნა კლაუს სატლერმა.
კვლევის „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ თანახმად, წყლის ადიდების პერიოდში მდინარეებში დაგროვილი ნარჩენები ზღვაში ხვდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს შავი ზღვის ეკოსისტემის მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას.
კვლევა ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ფოკუსირებულია პრევენციულ ღონისძიებებზე და ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მართვის გაუმჯობესებაზე.
პროგრამა „შავი ზღვის გალურჯება“ მიზნად ისახავს შავი ზღვის მდგრადი მართვისთვის საერთო რეგიონული ჩარჩოს შექმნას. ინიციატივა ორიენტირებულია ზღვის დაბინძურების შემცირებაზე, ეკოსისტემების აღდგენაზე, მდგრადი თევზჭერისა და აკვაკულტურის განვითარებაზე, „ლურჯი ეკონომიკის“ და „ლურჯი სამუშაო ადგილების“ ხელშეწყობაზე, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
პროგრამა ხორციელდება ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვას, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის მთავრობებთან თანამშრომლობით, ასევე შავი ზღვის კომისიის (BSC), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC), შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის (CMA) და ევროკომისიის (EC) აქტიური ჩართულობით.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს