აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად, გავეცანით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ძირითადად, ეს იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ვიმყოფებოდით ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის,  – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მინისტრმა ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 44 კილომეტრზე უკვე დასრულებულია, დარჩენილ სამ კილომეტრზე კი სამუშაოები გრძელდება.

„პრობლემას წარმოადგენს მეწყრული მონაკვეთები, რომლებიც საკმაოდ ბევრია და რთულ საინჟინრო გადაწყვეტებს მოითხოვს. წელს ამ სამი კილომეტრიდან 1 600 მეტრზე დასრულდება სამუშაოები. ერთ-ერთი ლოკაცია სწორედ ეს არის, სადაც ახლა ვიმყოფებით და სადაც ძალიან რთული და მოცულობითი სამუშაო ტარდება თითოეული მეტრის დასაცავად, რომ საბოლოოდ გადაიჭრას მეწყრული ზონებით გამოწვეული პრობლემა“, –  აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთის სრულად დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება. ამასთან, დარჩენილია ერთი პრობლემური მონაკვეთი, რომლისთვისაც საინჟინრო გადაწყვეტის შესამუშავებლად ცალკე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.

„დარჩება ერთი პრობლემური მონაკვეთი, რომელზეც ცალკე საერთაშორისო ტენდერს გამოვაცხადებთ კვლევისთვის, რათა უკვე სწორი საინჟინრო გადაწყვეტა დაიდოს და ეს პრობლემაც სათანადოდ მოგვარდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა გოდერძის უღელტეხილზე ზამთრის პერიოდში გადაადგილების უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

მისი თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს შესაბამის სამუშაოებს, რათა ახალციხის მხრიდან ხულოს მიმართულებით გადაადგილება ზამთრის პერიოდში აღარ შეფერხდეს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს მუშაობას, რათა ახალციხის მხრიდან ხულოსკენ მოძრაობა ზამთრის პერიოდში აღარ ჩაიკეტოს. გოდერძის უღელტეხილზე, როგორც იცით, ზამთრის პერიოდში მოძრაობა ხშირად იკეტება. ჩვენ შევიძენთ შესაბამის ტექნიკას და შემდგომში, ზამთრის პერიოდში განვახორციელებთ მოვლა-შენახვას, რათა მოძრაობა მუდმივად იყოს გახსნილი“, – აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში გზებზე შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართულებით ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ საქართველოში არცერთი მიმართულებით, უმეტეს შემთხვევაში, ზამთრის პერიოდში მოძრაობა არ ჩაგვეკეტოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა სოხაძემ.