საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო ვითარებისა და ქვეყნის წინაშე არსებული რისკების განსახილველად ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან შეხვედრა დააანონსა.

ამის შესახებ „ლე ფიგარო“ იუწყება.

მედიის ცნობით, შეხვედრა, რომელსაც მაკრონთან ერთად საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ და სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურების ხელმძღვანელები დაესწრებიან, 18 სექტემბერს ელისეის სასახლეში გაიმართება.

„ბოლო დღეებში საერთაშორისო ვითარების სწრაფი გაუარესების გათვალისწინებით, რესპუბლიკის პრეზიდენტმა პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების ლიდერები ფორმატ „სენ-დენიში“ შეხვედრაზე მიიწვია. შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართება ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების შესახებ, მათ გავლენაზე საფრანგეთის უსაფრთხოებასა და ენერგეტიკაზე. სამხედრო ხელმძღვანელობა და სადაზვერვო სამსახურები სახელმწიფოს მეთაურს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას გააცნობენ“, – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ქალაქ ფრონტინიანში დაახლოებით ასმა მეთევზემ ნავთობის საცავთან მისასვლელი გზა გადაკეტა. ისინი საწვავის გაძვირებას აპროტესტებდნენ. 16 სექტემბერს საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გაახანგრძლივებს მიზნობრივი დახმარების პროგრამას იმ დარგებისთვის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო საწვავის ფასების ბოლო ზრდამ ყველაზე მეტად დააზარალა.

1tv.ge