თურქეთი შავი ზღვის სანაპიროზე ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის განვითარებას გეგმავს, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ექვს პროვინციას ერთმანეთთან დააკავშირებს.
როგორც თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, სამსუნი-ტრაბზონი-სარფის პროექტი სამსუნიდან ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ართვინის პროვინციამდე, სარკინიგზო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს.
მინისტრის თქმით, ერთიანი სარკინიგზო მარშრუტი შავი ზღვის სანაპიროს ქალაქებს ერთმანეთთან დააკავშირებს და რეგიონში აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებას გაამარტივებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანი მგზავრობის დროის შემცირებაცაა.
ურალოღლუს განცხადებით, თურქეთში შავი ზღვის რეგიონში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ სანაპირო ხაზით არ შემოიფარგლება. ამჟამად გრძელდება ანკარა-კირიკალე-ჩორუმ-სამსუნის სარკინიგზო პროექტზეც მუშაობა, რომლის დასრულების შემდეგ ანკარასა და სამსუნს შორის მგზავრობის დრო დაახლოებით 2.5 საათამდე უნდა შემცირდეს.