„ასეთი ტიპის რეგულაცია კორუფციულ რისკებს აჩენს“, - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი შენობა-ნაგებობის ესთეტიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებულ ახალ წესებს.

ცნობისთვის, მთავრობამ შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი დაამტკიცა. დადგენილებით განსაზღვრული წესები 2026 წლის 1-ელ ივლისამდე სარეკომენდაციო ხასიათისაა, 1-ელი ივლისიდან კი სავალდებულო იქნება.

შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესით განსაზღვრულია ფასადის, სახურავის, ღობის, ფერების პალიტრის, ლანდშაფტის ინტეგრაციის, ქუჩების ესთეტიკის, ვიზუალური იერარქიის, დასახლების ხედის (ურბანული სილუეტის), მხატვრული დეტალების, ურბანული დიზაინის და სხვა ელემენტების ურთიერთშესაბამისობა.


როგორც სამშენებლო სამართლის სპეციალისტი აცხადებს, წესში ზოგიერთი პუნქტი განსაკუთრებით ბუნდოვანია. მისივე თქმით, მსგავსი სიმკაცრის რეგულაცია უკუშედეგს გამოიღებს.

„1984-ში არ არის ესთეტიკური პარამეტრები, მაგრამ ყველა შენობა თეთრია და ერთმანეთს ჰგავს. იგივეა, ჩემთვის ეს 1984-ია. პრაქტიკულად, წინასწარ გეუბნებიან, რა ფერები შეგიძლია გამოიყენო. ინდივიდუალურობა განადგურებულია.

კორუფციულ რისკებს აჩენს ეს რეგულაცია. ასევე, ბიუროკრატია შემოაქვს სამშენებლო დოკუმენტაციის გაცემის პროცესში. იმდენად ბუნდოვანი და ზოგადია. მაგალითად, მე-6 პუნქტის 1-ელ ნაწილში ნათქვამია, რომ ღობე, როგორც ქუჩის პეიზაჟის წამყვანი ელემენტი და ქუჩის მასშტაბის მაფორმირებელი ნაგებობა, უნდა ქმნიდეს შენობა-ნაგებობის და ქუჩის, საზოგადოებრივი სივრცის ჰარმონიულ ერთიანობას. აქ რამდენნაირი ადამიანიც არსებობს, იმდენნაირი გაგება რომ იარსებებს, ეს არის სწორედ კორუფციული რისკი. ერთი კონკრეტული წინადადება რომ შეგიძლია 9 ვარიანტად განმარტო, ესაა კორუფციული რისკი. რას ნიშნავს ჰარმონიული ერთიანობა?!

შემიძლია ერთი რამ ვთქვა ასეთი ტიპის რეგულაციებზე, ზოგადად, რა პრაქტიკაც დაგროვდა, იმაზე დაყრდნობით. მაგალითად, რაც უფრო გამკაცრდა პოლიტიკა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, მით მეტად კი არ დავიცავით ეს ძეგლები. პირიქით, უფრო მეტი უნებართვო მშენებლობა მივიღეთ. ეს ხდება იმიტომ, რომ ზოგჯერ გამკაცრებას უკუშედეგი მოაქვს. ამ შემთხვევაში მგონია, რომ იგივე სიტუაციასთან გვექნება საქმე. გადავამოწმოთ 3 წელში, მეც ძალიან მაინტერესებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოქალაქე გეგმავდა, ნებართვა აეღო, უნებართვოდ გააკეთებს, იმის იმედით, რომ ვერ იპოვიან. არაადეკვატური სიმკაცრე ყოველთვის უკუშედეგს იწვევს“, - განაცხადა ზაქაშვილმა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი