ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში ცვლილებები შედის. ამის შესახებ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ განახლებული სკრინინგის ანგარიშიდან ირკვევა.

ცვლილებების მიხედვით, გაიმიჯნა პირველ ფაზაზე შესასრულებელი საზღვაო და სახმელეთო სამუშაოები. კერძოდ, შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათალი პრაქტიკულად უცვლელია, თუმცა, დაზუსტებულია სამუშაოების თანმიმდევრობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილებები მხოლოდ საზღვაო ნაწილის სამუშაოს შეეხო.

კერძოდ, ნავსადგურის 1-ლი ფაზის საზღვაო განვითარება განსაზღვრულია ასეთი თანმიმდევრობით:

ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს და ამოღებული ფსკერული მასალის მართვას;

ტალღმტეხის მშენებლობას;

მისასვლელი არხის მოწყობას;

მოსაბრუნებელი აუზის მოწყობას.

გარდა ამისა, სკრინინგის ანგარიშით, ცვლილებები შეეხო შემდეგ მიმართულებასაც - 2017 წლის ანგარიშით პორტი გათვლილი უნდა ყოფილიყო 10 ათას TEU ტვირთწარმოების საკონტეინერო გემზე, განახლებული მონაცემებით კი რაოდენობა 600-ით იზრდება და 10 600-ს გაუტოლდება. უცვლელი რჩება წლიური გამტარუნარიანობა. კერძოდ, პორტი წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ ტონა საკონტეინერო ტვირთს, ანუ დაახლოებით 790 000 TEU-ს გაატარებს.

რაც შეეხება პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოებს, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ ან დასკვნით ფაზაზე დაიწყება სახმელეთო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

„სახმელეთო სამუშაოები გულისხმობს 2017 წლის გზშ-ს ანგარიშით განსაზღვრული ისეთი ობიექტების მოწყობა-მშენებლობას, როგორიცაა: საკონტეინერო ეზო, შენობები საკონტეინერო ტერმინალის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, სახმელეთო კომუნიკაციების სისტემა, სანაპირო მისადგომი კედელი საკონტეინერო ხომალდების მისადგომად, სანაპირო დაცვის ბაზა და სხვა. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის საპროექტო და სამშენებლო კომპანიები გამოვლენილი იქნება მომავალში და შესაბამისად ამ სამუშაოების დეტალები ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

შეგახსენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul გამოცხადდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს. პორტი პირველი გემის მიღებას 2029 წელს გეგმავს.

www.bpn.ge