ახალი რეგულაციები მშენებლობის თვითღირებულებას 5%-ით გაზრდის. კვადრატულ მეტრზე ეს საშუალოდ 40-70 დოლარია, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“„მწვანე ინვესტიციების” დამფუძნებელმა გივი კორინთელმა განუცხადა.
საუბარია თბილისში ამტვერებადი მასალების სველი მეთოდის გარეშე დამუშავებაზე, მისი არასათანადო წესით დამუშავებაზე, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრაზე, ასევე ფერადი ლითონებისა და მეორადი საბურავების გამოყენებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციების შესაძლო გამკაცრებაზე. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, თითოეულ კანონდარღვევისთვის ჯარიმების მოცულობა 400%-ით იზრდება.
„აღნიშნულ საკითხებზე განსაზღვრული ჯარიმები უკვე მრავალი წელია არსებობს, თუმცა ჯარიმის ეს ოდენობები ვეღარ უზრუნველყოფს პრევენციულ ხასიათს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვემზადებინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6 000 ლარამდე, სხვადასხვა დარღვევისთვის გაიზრდება 2 500-დან 30 000 ლარამდე“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დამტკიცების შემთხვევაში, წესი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2026 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა გავლენას მოახდენს ამოქმედების შემთხვევაში ახალი რეგულაციები სამშენებლო სექტორზე. როგორც „მწვანე ინვესტიციების” დამფუძნებელმა გივი კორინთელმა განაცხადა, ეფექტი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ რა გზას აირჩევს კომპანია. გადაეწყობა ახალ სისტემაზე, თუ ჯარიმების გადახდა მოუწევს.
„ახალი რეგულაციები მშენებლობის თვითღირებულებას 5%-ით გაზრდის. კვადრატულ მეტრზე ეს საშუალოდ 40-70 დოლარია. ახლა საშუალო ფასი 1200 დოლარია. ისიც, რა თქმა უნდა, თუ ყველამ შეძლო და თავიდანვე გადაეწყო ახალ რეგულაციებზე. ზოგი ალბათ, თავიდან ჯარიმებს გადაიხდის და ეს ეფექტი ნელ-ნელა მოვა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს გველის.
ძნელია იმის თქმა, ვინ გადაიხდის ჯარიმას და ვინ ახალ სისტემაზე გადაეწყობა მალევე. ალბათ, ჯარიმებით უფრო მეტი თანხა შევა ბიუჯეტში და ეს თუ აისახა კვადრატულ მეტრზე, სავარაუდოდ, ზრდა უფრო მეტიც გამოვა. შესაფასებელია, განმეორებითზე რამდენია ჯარიმა, მერე უკვე არაერთხელ დარღვევაზე და ასე შემდეგ. თავისთავად, ვინც ჯარიმებზე წავა, უფრო მეტი ხარჯი ექნება. ერთხელ კი გადაიხდი ამ 30 000 ლარს, მაგრამ განმეორებით დარღვევებზე როგორ მოიქცევა სახელმწიფო, ცალკე საკითხია.
მაგრამ, თუ დავუშვებთ, რომ ყველა გადაერთვება ახალ მოდელზე და ზედმიწევნით დაიცავს წესებს, მაგის ეფექტი დაახლოებით 40 დოლარით ზრდა იქნება კვადრატულზე.
პირველ რიგში, შიდა კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს. დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება კონტროლისთვის. მეორეა ის, რომ სპეციალური ადგილები უნდა გამოყო, რომ ამტვერებადი მასალა შესაბამისად იყოს შენახული და დამუშავებული. მესამეა ტრანსპორტირება - ძველი ტექნიკა, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტებს. ვგულისხმობ ბეტონმზიდებს. საბოლოო ჯამში, ესეც ირიბად აისახება სამშენებლო კომპანიებზე და ბინის ფასზე. ახალი ტექნიკის დაქირავება, საბოლოო ჯამში, უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ძველის“, - აცხადებს გივი კორინთელი.
მისივე თქმით, ამტვერებადი მასალის სველი წესით დამუშავებას სჭირდება კვალიფიციური კადრები, რაც ასევე ხარჯების ზრდას იწვევს.
„სველი წესით დამუშავება პრობლემა იმდენად შეიძლება არ იყოს. უბრალოდ, კლასიკური მეთოდისგან განსხვავდება და შესაბამისად, აქ საუბარია მუშახელის კვალიფიკაციაზე. საერთოდ ვინმე ამას იზამს თუ არა, ეს ერთი და მეორე, თუ ვინმე ამას იზამს, თავისთავად ფასი იზრდება კონკრეტული სამუშაოსი“, - აცხადებს კორინთელი.