აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, AI-ინფრასტრუქტურის მწარმოებელი კომპანია Bitworks-ის დამფუძნებელი, ავსტრალიაში მცხოვრები ბიზნესმენი ბრაიან რეიმონდი, რომელიც ამავდროულად ამერიკული Nvidia-ს პარტნიორია, ჩინური ფირმებისთვის ჩიპების უკანონოდ მიყიდვაშია ბრალდებული.
Forbes-ის ინფორმაციით, საუბარია Nvidia-ს ყველაზე მძლავრ ჩიპებსა და HP-ის სუპერკომპიუტერებზე, რომელთაც თანამზრახველებთან ერთად ჩინელ მომხმარებელზე ყიდდა.
ბრალდებულებს შორისაა ჩინეთის ორი და ჰონგ-კონგში დაბადებული ამერიკის ერთი მოქალაქე. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, საერთო ჯამში, ბრალდებულებმა Nvidia-ს 350 ერთეული ჩიპი, მათ შორის H100-ები, H200-ები და A100-ები და HP-ის 10 სუპერკომპიუტერი გაყიდეს, რომელთა საერთო ღირებულება $4 მილიონია.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ტრამპმა Nvidia-ს ჩიპების ნაწილის, მათ შორის H20-ის ჩინეთისთვის მიყიდვები შეაჩერა. მიზეზად ეროვნული უსაფრთხოება და ჩინეთთან ტექნოლოგიურ სფეროში კონკურენცია სახელდება. ამ მიდგომით, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ჩინეთს ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემუშავებაში ხელი შეუშალოს.
ბრალდების დოკუმენტში იუსტიციის დეპარტამენტი წერს, რომ პეკინი ხელოვნურ ინტელექტს სამხედრო მოდერნიზაციისა და იარაღის შექმნისთვის, მათ შორის „მასობრივი განადგურების იარაღის“, ასევე „ხელოვნური ინტელექტის მოწინავე სათვალთვალო ინსტრუმენტების“ დახვეწისა და შექმნისთვის იყენებდა.