თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა.

კომისიის შეფასებით, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.

იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდადა მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო,  კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისთვის, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის 876-მილიონიანი ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა. ტენდერში კომპანიებმა წინადადებები 2025 წლის 29 სექტემბერს წარადგინეს.

თბილისის ახალი სტადიონის სამშენებლო წინადადებები კი ასე ნაწილდებოდა:

- ანაგი (საქართველო) - 850 მილიონი ლარი;

- მაქრო ქონსთრაქშენი და შპს ინშაათჩი 3 (საქართველო და აზერბაიჯანი) - 789.4 მილიონი ლარი;

- YDA İNŞAAT (თურქეთი) - 744.9 მილიონი ლარი.