საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ლაშა აბაშიძის განცხადებით, კომპანიაში მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხები სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლებას მოხმარდება. ამ მიზნით საქართველოს რკინიგზა 120 სატვირთო ნახევარვაგონის შესყიდვის თაობაზე ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.
„სატვირთო ნახევარვაგონების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი კომპანიაში ჩატარებული ოპტიმიზაციის პირველი შედეგია - საქართველოს რკინიგზა ვაგონების შეძენას სწორედ დაზოგილი თანხებით გეგმავს. აღსანიშნავია, რომ არსებული სავაგონო და სალოკომოტივო პარკის დიდი ნაწილი მოძველებულია ტექნიკური პარამეტრებისა და მდგომარეობის თვალსაზრისით და განახლება/მოდერნიზებას საჭიროებს. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ. აღნიშნული ინიციატივა მიმართულია საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური მიმართულების ოპტიმიზაციისა და მისი გამტარუნარიანობის, ასევე რკინიგზის ეფექტიანობის ზრდისკენ“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
აღსანიშნავია, რომ ნახევარვაგონების დამატება საქართველოს რკინიგზის სავაგონო პარკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ნახევარვაგონები მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოებების სამუშაო პროცესში.
საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ნახევარვაგონების მომსახურების ვადა არანაკლებ 22 წლით განისაზღვრა, კონსტრუქციული სიჩქარე კი 120 კმ/სთ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული ნახევარვაგონი აშენებული იყოს არაუადრეს 2025 წლისა, ექსპლუატაციაში არ უნდა იყოს ნამყოფი და მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული დატვირთვა/გადმოტვირთვის ოპერაციებში. ამასთან, ნახევარვაგონებს მინიმუმ 69 ტონა ტვირთის გადატანა უნდა შეეძლოს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 20 142 312 ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადების მიღება 2025 წლის 10 დეკემბერს დაიწყება და 12 დეკემბერს დასრულდება.
ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს