საქართველოს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებზე QR კოდის და თითის ანაბეჭდის დამატება იგეგმება, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ წარუდგინა.
ცვლილებების შეტანა იგეგმება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მნიშვნელოვანი ელექტრონული გაუმჯობესება იგეგმება.
„დოკუმენტებს უნდა დაემატოს ახალი რეკვიზიტები. კერძოდ, მოწმობის წვდომის კოდი, რომელიც უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის გამოიყენება და ე.წ. QR კოდი, რომლის მეშვეობითაც, პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ. აქ ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ისეთი ინფორმაციები, რომელიც დაკავშირებულია შშმ პირის სტატუსთან, შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული სტუდენტის სტატუსთან და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან.
მნიშვნელოვანია ასევე კანონით განისაზღვროს, რომ პირადობის მოწმობა შეიცავდეს თითის ანაბეჭდს, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს და გაყალბებისგან დოკუმენტის დაცვის ხარისხს გაზრდის,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.