საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იმ პირებს, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ჯერ კიდევ 28 მაისს მიიღო, თუმცა ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე ახლა გამოქვეყნდა. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ. ცვლილება 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა.
"სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათას) ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ბრძანებაში.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ზღვრის აწევით დაახლოებით 1000 სესხი, რომელიც სხვა შემთხვევაში დოლარში გაიცემოდა, ახლა ლარში გაიცემა. გადაწყვეტილებით, ამ კრედიტების ჯამური მოცულობა 150 მილიონ დოლარამდე იქნებოდა.
2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 64.7 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 57.1% ლარზე მოდის. მაისში ლარიზაცია დამატებით 0.38 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი კრედიტების ლარიზაცია 2.76 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. მზარდია ფიზიკური პირების კრედიტების ლარიზაციის მაჩვენებელიც, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში ქვეყანაში დამტკიცებული ახალი იპოთეკური კრედიტების 76% ეროვნულ ვალუტაში გაიცა.