TBC Capital-ის უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, ივლისში საცხოვრებელი ბინის გასაქირავებელი ფასი შემცირდა. კერძოდ, ივლისში 1 კვ.მ-ის ქირის საშუალო შეწონილი ფასი 11.5 დოლარი იყო. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ფასი ერთ თვეში 0.8%-ით, ხოლო ერთ წელში 9.1%-ით შემცირდა.
კვლევის მიხედვით, 2024 წლის ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა „საგრძნობლად გაიზარდა“ და გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 435 შეადგინა. რაც 3%-ით აღემატება 2023 წლის ივლისის მაჩვენებელს და 18%-ით მეტია 2024 წლის ივნისის მაჩვენებელზე.
„ივლისში გასაყიდი ფასი 1 207 დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 3.3%-იან, ხოლო თვიურად 2.5%-იან ზრდას წარმოადგენს. ბაზრის მოცულობამ ივლისის თვეში 268 მილიონი დოლარი შეადგინა და წლიურ ჭრილში 5%-ით გაიზარდა“, - ვკითხულობთ TBC Capital-ის მიმოხილვაში.
2022 წლის პიკის შემდეგ, ქირის ფასი სტაბილურდება. თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი ივლისში თვიურად მცირედი 0.9%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.8 აშშ დოლარი შეადგინა. კვლევას Galt&Taggart ავრცელებს.
ამასთანავე, კვლევის თანახმად 1 კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურადაც შემცირდა. კერძოდ თუ 2024 წლის ივლისში საშუალო ფასმა 9.8 დოლარი შეადგინა, გასული წლის ივლისში 11.4 დოლარს უტოლდებოდა.
უბნების მიხედვით გასაქირავებელი ფასი ყველაზე ძვირი ვაკეში იყო და კვ.მ-ზე 15.1 აშშ დოლარს შეადგენდა, მას კი მოსდევდა მთაწმინდა 13.7 დოლარით. შემდეგი იყო საბურთალო, სადაც 1 კვ.მ-ს საშუალოდ 11.6 დოლარად იქირავებდით.
დარჩენილი უბნების გასაქირავებელი საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე ასე გამოყურება:
- კრწანისი - 10.8 დოლარი;
- ჩუღურეთი - 10.5 დოლარი;
- ისანი - 10.1 დოლარი;
- დიდუბე - 9.3 დოლარი;
- ნაძალადევი - 8.9 დოლარი;
- გლდანი - 8 დოლარი;
- დიდი დიღომი - 8 დოლარი;
- სამგორი - 7.7 დოლარი;
- ვაშლიჯვარი - 8.7 დოლარი.